ქალაქი სენაკი, რომელსაც ალექსი სენაკელის ლოცვა აძლიერებს, გმირების ქალაქი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მდიდარი ისტორიით, უნიკალური თეატრით, ნოქალაქევის ციხე-გოჯის სანახებით, სილამაზით გამორჩეული ხედებით – შხეფის ციხიდან თუ ასსაფეხურიანი კიბიდან; საერთაშორისო მნიშვნელობის გზების და სარკინიგზო კვანძის არსებობით, ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მრავალფეროვნებით… რაც მთავარია, გამორჩეული ადამიანური რესურსით – მაღალი ინტელექტუალური და კულტურული პოტენციალით… – 150 წლისაა.
ქალაქის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 10 სექტემბერს, 19:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, საღამო – ,,ჩვენი ქალაქის დღე” გაიმართება.
საღამოს წამყვანები – ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, ტელეწამყვანი, გიორგი კალანდია და თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე ისაუბრებენ ქალაქის დაარსების ისტორიაზე, მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებსა და ადამიანებზე, რომელნიც ქმნიდნენ და ქმნიან ამ ქალაქის ისტორიას.
