დღეს, დიდ ქართველ ებრაელ მწერალს, პოეტს, მთარგმნელს, პუბლიცისტს, საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, პარიზის ქართულ-ევოპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, სენაკის საამაყო შვილს – ჯემალ აჯიაშვილს დაბადებიდან 79 წელი შეუსრულდებოდა.
მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იუბილეს, მის მშობლიურ ქალაქში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, ღონისძიებების კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის დასკვნითი დღე, მისივე სახელობის სკვერში, ბარელიეფის ყვავილებით შემკობით დაიწყო.
ჟიული შარტავას მუზეუმში გაიმართა ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლებისა და კულტურის სფეროს, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვირეულის ფარგლებში, სენაკის საჯარო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, ასევე მოეწყო ქართველი ებრაელი მწერლის, მთარგმნელისა და საზოგადო მიღვაწის დაბადებიდან 79 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა; მე -7 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, გაიმართა ლიტერატურული საღამო.
მე-2 საჯარო სკოლაში, სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჩართულობით, ღია გაკვეთილი მიეძღვნა დიდი ქართველი და ებრაელი მოღვაწის შემოქმედებას.
ჯემალ აჯიაშვილის შემოქმედება არის ქართველი და ებრაელი ერის სამაგალითო მეგობრობისადმი მიძღვნილი, ქართულ ენაზე აღვლენილი სიყვარულის საგალობელი. მისი ცხოვრება და მრავალმხრივი მოღვაწეობა, არის გზა, რომელიც სიკვდილის შემდეგაც ახალ სიცოცხლეს იძენს…