სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორთან, სალომე დოლიძესთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის დირექტორთან, ნინო ჯანჯღავასთან და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიაში იმყოფებოდა, სადაც დევნილი მოზარდებისთვის, საზაფხულო სკოლის დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, სალომე დოლიძემ, ხელი მოაწერეს მერიასა და სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
უკვე მეორე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მიმდინარეობს პროექტი ,,მომავლის ელჩები’’.
მიმდინარე წელს, ორი კვირის მანძილზე, საზაფხულო ბანაკში, სენაკის, ჩხოროწყუს და აბაშის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდობა იყო ჩართული.
პროექტის მიზანია, დევნილი მოზარდებისთვის, თავისუფალი დროის ეფექტურად, შემეცნებითად, ხალისიანად, შემოქმედებითად გატარება, ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, ინოვაციური და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
პროცესი მოიცავდა მათ ჩართულობას შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, მხიარულ თამაშებსა და სხვადასხვა სახის ვიქტორინებში.
პროექტის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.