რეგიონული თეატრების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღეს, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, ცნობილმა რეჟისორმა, ბრანდეის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა, დიმიტრი ტროიანოვსკიმ, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებისა და სცენური ხელოვნების მოყვარულთათვის, თეატრალური ხელოვნების მასტერკლასი – ,,მაკბეტი ახლა“ გამართა.
დღის დასასრულს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრალურ დასს უმასპინძლა, რომელმაც შექსპირის ცნობილი დრამის – ,,ოტელოს“ ორიგინალური თოჯინური ვერსია წარმოადგინა.
სპექტაკლი, დიდი ქართველი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის 150 წლის იუბილეს და დიდი სცენოგრაფისა და მხატვრის – პეტრე ოცხელის 115 წლის იუბილეს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელი უდიდესი დრამატურგის, უილიამ შექსპირის წლად არის გამოცხადებული. მთელი მსოფლიო ზეიმობს „პირველი ფოლიოს“ 400 წლისთავს.
რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალიც სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს ეხმიანება. ფესტივალის ფარგლებში, მხოლოდ უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’. სამხატვრო ხელმძღვანელი – ნინელი ჭანკვეტაძე, გენერალური მენეჯერი – ბექა ჯუმუტია, დირექტორი – თენგიზ ხუხია.
ფესტივალის მხარდამჭერებია: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სენაკის და ფოთის მუნიციპალიტეტების მერიები.