#FutureFitCities-ის ფორუმი
#M4EG
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმში გამართულ ურბანულ ფორუმზე – „მომავლისთვის შესაფერისი ქალაქები“.
ფორუმი ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის – მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) მიერ იყო ორგანიზებული და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებიდან 200-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.
ფორუმი სრულად იყო ფოკუსირებული იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს რთული მუნიციპალური საკითხები მწვანე, ინკლუზიური და გამძლე ქალაქების აშენებით და როგორ უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფო და კერძო ფინანსები მათი ზრდისა და ინოვაციების გასაძლიერებლად.
ფორუმის მიზანია – ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საფუძველზე, რეგიონში გააერთიანოს შესაბამისი დაინტერესებული მხარეები და ხელი შეუწყოს დისკუსიას სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისა და დაფინანსების სხვადასხვა წყაროების გამოყენებაზე – საერთაშორისო დონორებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით.
მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მერებისა და მათი გუნდების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ქსელს 400-ზე მეტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ჰყავს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.