ქართველი ებრაელი მწერლის, სენაკის საამაყო შვილის, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მის მშობლიურ ქალაქში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, ღონისძიებების კვირეული დღეს დაიწყო და 24 მარტს დასრულდება.
პოეტის, მთარგმნელის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა ჟიული შარტავას მუზეუმში, სადაც ასევე გაიმართა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ფილმის – ,,ვარსკვლავთა ჩრდილში მაღლათა თანას” ჩვენება.
კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია:
ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა – ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში;
ჟიული შარტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის, მაია დგებუაძის თემატური გაკვეთილი, რომელიც დიდი ქართველი და ებრაელი მოღვაწის შემოქმედებას მიეძღვნება;
მწერლის დაბადების დღეს, 23 მარტს. 12:00 საათიდან, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ მხატვრული კითხვის კონკურსს;
კვირეულს, 24 მარტს, 17:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში დაგეგმილი საღამო დაასრულებს.