დღეს, გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტის, მთარგმნელის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, სენაკის საამაყო შვილის – ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მისივე სახელობის სკვერში, მწერლის ბარელიეფი ყვავილებით შეიმკო.
დიდი ქართველი ებრაელი საზოგადო მოღვაწის ხსოვნას პატივი მიაგეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, ქართველ ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მერაბ ჩანჩალაშვილმა, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით შემოქმედელმა, მწერალმა, მთარგმნელმა, მანანა დუმბაძემ, რეჟისორმა, მიხეილ ჭიაურელმა, ქართველმა და ებრაელმა სტუმრებმა, ჯემალ აჯიაშვილის მეგობრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ბარელიეფის შემკობის შემდეგ, ქალაქის სტუმრებმა, ჯემალ აჯიაშვილის სახელობის სინაგოგა მოინახულეს.
საიუბილეო კვირეული, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართულმა ლიტერატურულმა საღამომ – ,,მშვიდობა საქართველოს! შალომ ყალ ისრაელ!” დაასრულა.
ჯემალ აჯიაშვილის პიროვნებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ქართველ ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მერაბ ჩანჩალაშვილმა, რომელმაც ქართულ-ებრაული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ გადელიას დიპლომი გადასცა.
საღამოს, ქალაქის საპატიო სტუმრები, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამო თეატრმცოდნეს და ტელეწამყვანს, ნიკოლოზ წულუკიძეს მიჰყავდა.
ლიტერატურული სპექტაკლის რეჟისურა სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვახტანგ ნიკოლავას ეკუთვნის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ვირტუოზი გიტარისტი, თემურ ყვითელაშვილი, კომპოზიტორი, ჯემალ სეფიაშვილი, სენაკის თეატრალური დასის მსახიობები, სენაკის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,მეგას” მოცეკვავეები.