სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველი მოადგილე, ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრებში იმყოფებოდნენ და მუნიციპალური აიპების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალური აიპების წარმომადგენლებს, სახელოვნებო და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში წარმატებული საქმიანობისა და მომავალ თაობებში ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო-საგანმანათლებლო კერა – დიდი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა, განახლებულ, კეთილმოწყობილ გარემოში აგრძელებს მომავალი თაობის ხელოვნებასთან ზიარების საპატიო მისიას.
წლების შემდეგ, პირველად, 2023 წელს, სრულად განახლდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდი საკონცერტო დარბაზი და სცენა; რეაბილიტირდა სასწავლო ოთახები, კეთილმოეწყო დერეფანი, ასევე განახლდა მცირე საკონცერტო დარბაზი.
ასევე გასულ წელს, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, რეაბილიტირდა ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, სენაკის საპატიო მოქალაქის, დიმიტრი ჯაიანის სახელობის 34 წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრის შენობა.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა: სცენის დემონტაჟი და ახლით შეცვლა, სასცენო განათების სისტემის მოწყობა და სხვა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენობის პირველი, მეორე და მესამე სართულების, სხვადასხვა სივრცეების რეაბილიტაცია, მოეწყო ელექტროგაყვანილობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები, ახლით შეიცვალა საკონცერტო დარბაზის სკამები. ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ჩატარდა შენობის ექსტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.