სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ელჩი, სინაგოგას სტუმრობდა, სადაც ებრაელთა თემის უხუცესმა, იოსკა მიხელაშვილმა, სენაკელი ებრაელების განსაკუთრებულ მეგობრობაზე ისაუბრა, რომელიც დღემდე გრძელდება.
ჰადას მეიცადმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელთან, მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ებრაული სასაფლაო მოინახულა, რომელიც ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მატარებელია ებრაული თემისთვის და მათთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოში ებრაული კულტურითა და ისტორიით.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ერის – ქართველთა და ებრაელთა უპრეცედენტო მეგობრობის ფენომენზე, რაც სენაკისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია, რადგან ამ ქალაქის ღვიძლი შვილები არიან სენაკის საპატიო მოქალაქეები – გამოჩენილი ქართველი ებრაელი, ჯემალ აჯიაშვილი; ძირძველი სენაკელი, მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი, იაკობ გაგულაშვილი; ისრაელში მოღვაწე, ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, წლების მანძილზე ჩვენი ქალაქის ქორეოგრაფის, შალვა ეფრემაშვილის ვაჟი, დავით ეფრემაშვილი და არაერთი გამორჩეული სენაკელი ებრაელი.