საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხახუბიასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, დავით წითლიძესთან და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში, შპს „ჯეონათის“ თხილის ბაღში, თხილის მსხვილ მწარმოებლებს შეხვდა.
„წელს ველოდებით უფრო მეტ მოსავალს, ვიდრე გასულ წელს იყო. რაც შეეხება ფასს, დაახლოებით, 30-40% მაღალია საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს ფერმერები მიიღებენ მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს თხილის რეალიზაციიდან – წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლნ ლარზე მეტი იქნება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შპს „ჯეონათის“ დირექტორის, დავით ხუროძის თქმით, მათი კომპანია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს, ერთ-ერთი შეღავათიანი აგროკრედიტია.
მეთხილეობის დარგის განვითარება საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთი-ერთი მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ფერმერების მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს. ხელშეწყობა მოიცავს თხილის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს.
თხილის კულტურის პირველადი წარმოების ხელშეწყობა პროგრამის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს მასშტაბით, 1.180 ჰა-ზე თხილის ბაღების გაშენება თანადაფინანსებულია 1.180 ჰა-ზე. მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 604 ჰა-ზე.
რაც შეეხება შეღავათიან ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობას, თხილის ბაღების გაშენებისა და მოვლის მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 50 მლნ. ლარის ღირებულების 927 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება კი – 13.9 მლნ ლარს აღემატება; მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში გაცემულია 12.8 მლნ ლარის ღირებულების 174 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება – 3.7 მლნ ლარს აღემატება.