დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ქალაქ სენაკის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საღამო – ,,ჩვენი ქალაქის დღე” გაიმართა.
საღამოს წამყვანებმა – ისტორიკოსმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორმა ტელეწამყვანმა, გიორგი კალანდიამ და თეატრმცოდნემ, ტელეწამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ ქალაქის დაარსების ისტორიაზე, მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებსა და იმ ადამიანებზე ისაუბრეს, რომელნიც ქალაქის ისტორიას ქმნიდნენ.
საღამოზე მონაწილეობა ნახევარი საუკუნის ისტორიის მქონე ანსამბლმა – ,,კოლხურმა ტრიომ” და ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა: მაია ჯაბუამ, სალომე ბაკურაძემ, თემურ თათარაშვილმა, დავით მაზანაშვილის ბენდმა მიიღეს.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, სასულიერო პირები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სენაკელები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, გამოსვლისას აღნიშნა: ,,მოხარული ვარ, რომ ჩემი მერობის პერიოდში, საფუძველი კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციას ჩავუყარეთ – ჩვენი მშობლიური ქალაქის დღის აღნიშვნას.
გმირების ქალაქი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მდიდარი ისტორიით, უნიკალური თეატრით, ნოქალაქევის ციხე-გოჯის სანახებით, სილამაზით გამორჩეული ხედებით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების და სარკინიგზო კვანძის არსებობით, ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მრავალფეროვნებით… რაც მთავარია, გამორჩეული ადამიანური რესურსით – მაღალი ინტელექტუალური და კულტურული პოტენციალით, თითოეული ჩვენგანის საზრუნავია. წინაპრების კვალდაკვალ, ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ პატარა კოლხური ქალაქის ფასეულობები.”
საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, სენაკელებს ისტორიული დღე მიულოცა და ქალაქის საამაყო წარსულზე, აწმყოსა და საიმედო მომავალზე ისაუბრა.
საღამო, სიმბოლურად, კოლხური მელოდიით დასრულდა.