დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, რამაზ კუპრეიშვილთან ერთად, შეხვედრა გამართა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ლადო ხელაძესთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ბენეფიციართა დასაქმება და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა.
მემორანდუმს ხელი სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ მოაწერეს.
თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, შრომამისჯილ პირებს, სენაკის მუნიციპალიტეტში, ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დასაქმდებიან.
სააგენტოს ბენეფიციარები მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან.
მემორანდუმი ასევე გაფორმდა ზესტაფონის, სამტრედიისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.
2023 წელს კი, სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმები რუსთავის, თეთრიწყაროს, მარნეულის და ქობულეთის მერიებთან გააფორმა.