სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ანსამბლ ,,გოგალაის“ წევრებმა, მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღეს ტელეკომპანია პოსტ TV -ის გადაცემაში ,,დღის პოსტი”.
ანსამბლმა – აფხაზური და მეგრული სიმღერები, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის პედაგოგმა, გიტარისტმა, გოჩა ჯგერენაიამ კი – ქართველი კომპოზიტორის, კაკო ვაშალომიძის კომპოზიცია შეასრულა.
მოკლე ექსკურსი ანსამბლის შესახებ: „გოგალაი” 2007 წელს შეიქმნა. დაარსებიდან დღემდე, ანსამბლი მონაწილეობს საქართველოში გამართულ თითქმის ყველა ფოლკლორულ ფესტივალში. ანსამბლი არაერთხელ წარდგა წარმატებით უცხოელი მსმენელის წინაშე.
მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ,,გოგალაიმ“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, კონცერტები ბალტიისპირეთის ქალაქებში გამართა.
ხელოვნების ცენტრთან არსებულ ანსამბლს ლალი გოგია ხელძღვანელობს. ,,გოგალაის” რეპერტუარში შედის მეგრული, აფხაზური, ლაზური, ქალაქური და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები. ანსამბლი – ლალი გოგიას, ლანა შამათავას, ცირა ჯოლიას, გოჩა ჯგერენაიას და ბადრი ალანიას შემადგენლობით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ასევე გეგმავს მასშტაბური საიუბილეო საღამოს გამართვას.
შემოქმედებითი წინსვლა და წარმატებული საქმიანობა, ანსამბლ ,,გოგალაის“.
კადრები – გადაცემიდან ,,დღის პოსტი“