დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდი ნახეს” დასმა წარადგინა მსახიობისა და რეჟისორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდი ნახეს” დირექტორის, გიორგი ჭანტურიას სადებიუტო სპექტაკლი – ,,უკანასკნელი თოლია”.
მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მოქმედება 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ვითარდება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების გმირულ თავგანწირვაზე მოგვითხრობს.
სპექტაკლის რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება წარმატებულ სენაკელ ახალგაზრდას, გიორგი ჭანტურიას ეკუთვნის.
გიორგი, სახალხო თეატრში “მოდი ნახე”, 17 წლიდან მოღვაწეობს იგი არის მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ნომინაციაში – ,,მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი”, არაერთხელ გამარჯვებული.
გიორგი გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრი, ამავე ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის მაგისტრანტი.
გიორგი ჭანტურია გახლდათ რეჟისორის ასისტენტი, სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე. მიმდინარე წლიდან კი, ის, თეატრის დირექტორის პოსტს იკავებს.
პრემიერას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, თეატრალური სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.