სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ,,სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების მხარდაჭერის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ქუთელია უძღვებოდა.
კომისიის თავმჯდომარემ, ბადრი ქუთელიამ, 2024 წელს დანერგილი პროგრამის მნიშნველობასა და შედეგებზე ისაუბრა.
საკონკურსო კომისიამ განსაზღვრა გამოცხადებული კონკურსის ვადები და ეტაპები.
განცხადების მიღება – 1 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით;
საკონკურსო იდეის – განაცხადის შერჩევა -27 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ადგილზე ვიზიტი – 1 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით;
გასაუბრება – 6 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით;
გამარჯვებული ბენეფიციარების გამოვლენა – 30 აგვისტო.
გამოიყენე შესაძლებლობა, დაწერე პროექტი შემდეგი მიმართულებებით:
სოფლის მეურნეობა – მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მემცენარეობა, სანერგე და სასათბურე მეურნეობა, მეთევზეობა, რძის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია;
ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობაში – მზის პანელები, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, სასათბურე კონსტრუქცია, ხელოვნური განათება, ელექტრომწყემსი და სხვა;
აგროტურიზმის განვითარება – ტურისტული სერვისები, ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მომსახურეობა;
ინოვაციური იდეები, რომელიც ხელს შეუწყობს სენაკის მუნიციპალიტეტში აგრო და ეკოტურიზმის განვითარებას.
პროექტის კრიტერიუმები უნდა მოიცავდეს:
იდეის აღწერას;
პროექტის მიზანს და ამოცანებს;
მოსალოდნელ შედეგებს;
ბიუჯეტს.
კონკურსში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სრულწლოვანი ფიზიკური პირი – ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი; ახალგაზრდა ან ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი;
უპირატესობა ენიჭება:
ახალი ბიზნესის წამოწყებას;
ინოვაციურ პროექტს ,რომელიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას;
ახალგაზრდა (35 წლის ასაკის ჩათვლით) სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ქალთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის (დედის) მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე დედის (ოთხი ან მეტი შვილი 18 წლამდე) მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას.
პროექტის მინიმალური ბიუჯეტი 1 000 ლარი; მაქსიმალური ბიუჯეტი – 5 000 ლარი.
თანამონაწილეობა სავალდებულოა, თუ მოთხოვნილი თანხა ტოლია ან აღემატება 4 000 ლარს;
თანამონაწილეობა უნდა მოიცავდეს მოთხოვნილი თანხის 20 %.

შესაძლებელია, გრძელვადიანი (1 წელზე მეტი) აქტივის შეძენა.
საპროექტო წინადადება შეგიძლიათ წარმოადგინოთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა 103 ან ელექტრონულ მისამართზე: senakismeria@gmail.com;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით: 599 85 75 52 – დალი ქაჩიბაიას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტს, კომისიის მდივანს.
2024 წელს, ,,სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების მხარდაჭერის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მერიამ, 5 პროექტი დააფინანსა:
,,გარემო – ყვავილებისთვის”;
,,მზის ენერგია – დანახარჯების დაზოგვისა და ეკოლოგიური გარემოს შექმნისთვის“;
,,იშვიათი ჯიშების შინაური ფრინველების მოშენება, რეპროდუქცია და რეალიზაცია“;
,,ჯოკას ქოხი“ – აგროტურისტებისთვის; ,,ფუტკრის ოჯახების მოშენება“.