სენაკის მერმა, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილეებთან, ბადრი ქუთელიასთან და ნანა ზარანდიასთან ერთად, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, 22 საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 8,4 მილიონ ლარს შეადგენს.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2025- ის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში, დაიწყება ორი გამარჯვებული პროექტის განხორციელების პროცესი – სენაკის მუნიციპალიტეტში მოეწყობა ორი ერთეული მულტიფუნქციური ენერგოეფექტური მოსაცდელი და საბავშვო ატრაქციონი – ჭავჭავაძის ქუჩის N 82ა-ში. 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.
უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025-ის“ ფარგლებში დაგეგმილი 52 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეალიტაციის პროექტების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, 5 მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დაასრულა დედის და ღვინჯილიას ქუჩებზე, თეკლათის, ნოსირის და ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულების გოლასკურის და საოდიშარიოს უბნებში, სოფელ ისულაში.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, აღდგენითი სამუშაოები 26 ობიექტზე ხორციელდება, რომელთაგან პროექტების დიდი ნაწილი დასრულებულია.
რაც შეეხება, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამებს, საანგარიშო პერიოდში, ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამებით, სენაკის მერიამ, 114 060 ლარის ფარგლებში დახმარება 436 მოქალაქეს გაუწია.
მუსიკალური და თეატრალური საღამოების ფარგლებში, 18 ივლისს, პროექტის ,,საქართველოს სახელმწიფო ბალეტი რეგიონებში”, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი, სენაკის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე, კლასიკური საბალეტო პროგრამით წარდგება.
21 ივლისს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პროექტის – ,,ზვიად ბოლქვაძის საავტორო მუსიკის კონცერტები რეგიონებში” ფარგლებში, კომპოზიტორი და ავტორ-შემსრულებელი, ზვიად ბოლქვაძე, მუსიკალური ბენდის თანხლებით, მომღერალ ნეკა სებისკვერაძესთან ერთად, კონცერტს გამართავს.
23-24 ივლისს, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრის დასი მაყურებლის წინაშე წარდგება პრემიერით – ,,კონკია”; 24 ივლისს, ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის დასი ,,დაბრუნება”, გასტროლის ფარგლებში, სენაკის თეატრში გამართავს სპექტაკლს – ,,მიდი, შეცვალე სამყარო!”
25-27 ივლისს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით, რეგიონული თეატრების XI საერთაშორისო ფესტივალის სენაკური დღეები იწყება.
დღევანდელ სხდომაზე ასევე დაისახა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები, სამუშაო გეგმათა განხორციელების კონცეფციები.