დღეს, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში, ცნობილი ქართველი მსახიობის და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, სენაკის საპატიო მოქალაქის, დიმიტრი ჯაიანის დაბადებიდან 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
გალერეის საგამოფენო სივრცეში მოეწყო ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო-გამოფენა.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია დაესწრნენ.
,,ბედნიერი ვარ, რომ ბავშვობიდან მომეცა თავისი ხიბლით, ქარიზმითა და ინდივიდუალობით გამორჩეულ ერისკაცთან ახლო ურთიერთობის საშუალება.
ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დიმიტრი ჯაიანის განვლილი გზა არ მოიცავს მხოლოდ თეატრის სცენაზე შესრულებულ დაუვიწყარ როლებს, მისი ცხოვრება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ ემსახურო შენს ხალხს, ქვეყანასა და ქართულ კულტურას.
სექტემბრის დასაწყისში, სიმბოლურად, ქალაქის დაარსების დღეს, ვგეგმავთ დიმიტრი ჯაიანის ხსოვნის საღამოს მასშტაბურად გამართვას” – აღნიშნა სენაკის მერმა.
აღსანიშნავია, რომ სენაკში, 2020 წელს, მისი სახელის უკვდავსაყოფად, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიულ შენობას დიმიტრი ჯაიანის სახელი მიენიჭა.
დღევანდელი ღონისძიება მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.