აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბესიკ კუსიდი სენაკში იმყოფებოდნენ, სადაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარიასთან ერთად, სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ სენაკის ფილიალი დაათვალიერეს.
გაეცნენ კლინიკის ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ სამედიცინო პერსონალს და დაწესებულების ხელმძღვანელისგან პოლიკლინიკაში აღჭურვილობის გაუმჯობესებისა და ბენეფიციარებზე მორგებული სერვისების დანერგვის მიმართულებით არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში, ასევე თბილისში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „დიომედის“ სამედიცინო ცენტრის 11 ფილიალი ფუნქციონირებს, სადაც არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს საშუალება მიეცემათ პოლიკლინიკებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.