7 სექტემბერს, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, 15 წლამდე ასაკის მოკრივეთა შორის ამხანაგური შეხვედრა საზეიმოდ გაიხსნა.
მასში მონაწილეობა საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრების მოკრივეებმა მიიღეს.
ამხანაგურ შეხვედრაზე გამარჯვებული მოკრივეებით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები გუნდი, რომლებიც მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ მონტენეგროში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.
აქტივობის მხარდამჭერია სენაკის მუნიციპალიტეტის მერია. ორგანიზატორი – სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლა.
საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ბექა ლობჟანიძე დაესწრნენ.
საზეიმო გახსნაზე, სენაკის მერმა, ვახტანგ გადელიამ, შეხვედრის მონაწილეებს, ოქტომბერში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ,,სენაკს სპორტული მიღწევებისა და ტიტულოვანი სპორტსმენების აღზრდის დიდი ტრადიცია აქვს, რასაც სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოპოვებული ტრიუმფალური გამარჯვებები და ტიტულები ადასტურებენ.
2022-2025 წლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეალიტაციის პროექტების ფარგლებში, 28 მინი სპორტული მოედანი შევმატეთ. გასულ წელს ასევე შევიძინეთ ოლიმპიური სტანდარტების კრივის რინგი, რამაც მოგვცა შესაძლელობა ვუმასპინძლოთ საერთაშორისო მასშტაბის ჩემპიონატებსა და ტურნირებს. დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტურია. მსგავსი მასშტაბის აქტივობა პირველად იმართება.
სპორტი და ახალგაზრდული პოლიტიკა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“ – განაცხადა სენაკის მერმა.