დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ლაშა ტალახაძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებულ სენაკელ სპორტსმენებს და მწვრთნელებს, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში შეხვდნენ.
შვიდგზის მსოფლიო, შვიდგზის ევროპისა და სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სენაკის საპატიო მოქალაქემ, ლაშა ტალახაძემ, შეხვედრაზე ისაუბრა სპორტსა და ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ახალგაზრდებში მის პოპულარიზაციასა და შესაბამის ინფრასტრუქტურულ მზაობაზე, რაც სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
აღინიშნა, რომ სენაკს სპორტული მიღწევებისა და ტიტულოვანი სპორტსმენების აღზრდის დიდი ტრადიცია აქვს, რასაც სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოპოვებული გამარჯვებები და ტიტულები ადასტურებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატის, გიორგი ხახუბიას და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტს მულტიფუნქციური ცენტრი და საცურაო კომპლექსი შეემატება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული სერვისების ხელმისაწვდომობას.
2022-2025 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, 28 მინი სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულებამ 3 015 709 ლარი შეადგინა.
2025 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტს 5 მინი სპორტული მოედანი შეემატა: ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისულაში, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საოდიშარიოს უბანში, ქალაქ სენაკში – მიშა ღვინჯილიასა და დედის ქუჩებზე.
პროექტების ფარგლებში, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედნები, გარე განათების სისტემები, სტადიონები შემოიღობა, დამონტაჟდა ტრენაჟორები.
პროექტები, საერთო ღირებულებით – 519 149 ლარი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.