დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეაში, საქართველოს ეროვნული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული ფოტოგამოფენით – „სენაკი, გმირების ქალაქი“ გაიხსნა.
გამოფენა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ტყებუჩავამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
კვირეული ეძღვნება საქართველოს ეროვნული გმირების – ჟიული შარტავას 82-ე, გურამ გაბესკირიას 79-ე და გენო ადამიას 90-ე დაბადების თარიღებს. ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ღია გაკვეთილების, თემატური გამოფენების, მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიციებისა და სპორტული აქტივობების ჩატარება.
კომპლექსური ღონისძიებები დღეს დაიწყო და 8 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას დაბადების დღეს, დასრულდება.
კვირეული სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით იმართება.