სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი და ამავე სამსახურის სპეციალისტი, პროექტ „საბავშვო არქეოლოგიის“ ავტორი და ორგანიზატორი, ირმა კუპრეიშვილი პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, იმიტირებული არქეოლოგიური გათხრების პროცესს დაესწრნენ.
აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს სენაკის მესამე საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა.
წელს, პროექტში, სენაკის საჯარო და კერძო სკოლების 252 მოსწავლე ჩაერთო, რომელთაც „ნორჩი არქეოლოგის“ სერტიფიკატები გადაეცემათ.
საგანმანათლებლო პროექტი „საბავშვო არქეოლოგია“ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს.
პროექტი 11 წელია არსებობს და ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალსა და მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში სპეციალურად მოწყობილ საველე სივრცეებში ხორციელდება.
ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლეებში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაღრმავებას და მათთვის პრაქტიკული, სასწავლო-შემეცნებითი არქეოლოგიური გამოცდილების შეთავაზებას.