რუბრიკის – „გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონებს, წარმატებულ სენაკელ კალათბურთელებს – საბა მოსიძეს, სანდრო სანაიას, ვალერი პაპასკირსა და ილია ჭანტურიას გაგაცნობთ.
სენაკელი კალათბურთელები საქართველოს სახელით 13-22 ივნისს, სერბეთის ქალაქ ზლატიბორში დაგეგმილ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ტურნირში 30 ქვეყნის 60 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატი საქართველოს სპორტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროებისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით იმართება.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზური სენაკელმა სპორტსმენებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგებით მოიპოვეს. მათ ჯერ სამეგრელოს, შემდეგ დასავლეთ საქართველოს პირველობა მოიგეს, ხოლო დასკვნით ეტაპზე საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025“-ის ფარგლებში, ვაჟთა შორის 3X3 კალათბურთის საუკეთესო მოთამაშედ საბა მოსიძე დასახელდა.
სპორტის განვითარების, პოპულარიზაციისა და წარმატებული სპორტსმენების წახალისების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, სენაკის მერიამ ჩემპიონებს ფულადი ჯილდოები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასკოლო საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი – სენაკელი შოთა კუჭავაა.
წარმატებები, სენაკელ კალათბურთელებს სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე!