სენაკის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად მიყენებულ ზიანს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავასთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები და მუნიციპალური სამსახურები, სტიქიის დაწყების პირველივე წუთებიდან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და სალიკვიდაციო ღონისძიებებს ამ წუთებშიც ახორციელებენ.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზარალის ოდენობას სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია დაადგენს, რის შემდეგაც, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა, სენაკის მუნიციპალიტეტში, პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დიდი ნაწილი, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გზები და ხიდების ნაწილი.
სახელმწიფო რწმუნებულმა და სენაკის მერმა მადლობა გადაუხადეს იმ სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის ზონაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.