სენაკის ტექნოპარკში, სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში, სენაკისა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა ენერგეტიკის თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს, გამარჯვებულებს კი სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ტყებუჩავამ.
„ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ უკვე მესამედ ხორციელდება და მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სფეროს უკეთ გაცნობას, ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ასევე განახლებადი ენერგიებისა და საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები, გაიმართა თემატური ნამუშევრების გამოფენა, ხოლო გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყო.