საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 34 წლის იუბილე სენაკში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
სამწყობრო მოედანზე გამართულ ცერემონიაზე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ცერემონიის ფარგლებში ხაზი გაესვა მე-2 ქვეითი ბრიგადის 34-წლიან ღირსეულ ისტორიას, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეში ქვედანაყოფის განსაკუთრებულ წვლილს, სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმს, თავდადებასა და სამშობლოსადმი ერთგულებას. პატივი მიაგეს სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედროებისთვის ახლადმოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერეს, ხოლო სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე 23-ე ბატალიონის ასეულის დონის სიტუაციურ სიმულაციურ სწავლებას დაესწრნენ.