ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავამ და მერის მოადგილე ნანა ზარანდიამ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად დაუცველ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასწავლო ნივთების კომპლექტები გადასცეს და მოსწავლეებს ცოდნის მიღების გზაზე წარმატებები უსურვეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, 65 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების I-IV კლასის მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით, ძირითადი სასკოლო ნივთების კომპლექტით 250 მოსწავლე იქნა უზრუნველყოფილი.
შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა განათლების ხელმისაწვდომობისა და მომავალი თაობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვახტანგ გადელიას განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და განსაკუთრებით, ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათთვის განათლების მიღების პროცესში შესაბამისი შესაძლებლობების შექმნა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.