აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო, „ჩვენი 33-ე ტკივილიანი შემოდგომა“, გაიმართა.
ღონისძიება ჟიული შარტავას სახელობის სენაკის №2 საჯარო სკოლის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, აფხაზეთის ომის მსხვერპლთა ხსოვნასა და სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებული ადამიანებს მიეძღვნა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჟიული შარტავას სახელობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენით გააცოცხლეს ჟიული შარტავას ცხოვრების გზა, მისი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა და აფხაზეთის ომის უმძიმესი დღეები.
საღამოს განსაკუთრებული ადგილი დაეთმო სენაკთან დაკავშირებული ეროვნული გმირების ხსოვნას. ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბესკირია და ნოდარ კანკია იმ ადამიანთა შორის არიან, რომელთა სახელებს საქართველოს უახლესი ისტორია სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და თავდადებას უკავშირებს.