სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბადრი ქუთელია აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ღირსი ალექსი სენაკელი“ პრემიერას დაესწრო.
სპექტაკლი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსა და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას ეძღვნება.
პრემიერას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.
ვახტანგ ნიკოლავას რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის პრემიერა სიმბოლურად 6 ოქტომბერს, ღირსი ალექსი შუშანიას შობის დღესასწაულზე გაიმართა. წარმოდგენა მაყურებელს ღირსი მამის ცხოვრებასა და სულიერ მოღვაწეობას, მის საზოგადოებრივ მნიშვნელობასა და მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას სცენური ხელოვნების საშუალებით აცნობს.
სპექტაკლის პრემიერით სენაკში დაიწყო საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-კულტურული ღონისძიებების ციკლი, რომლის ფარგლებშიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით აქტივობას გამართავს.
ღონისძიებათა ციკლი 2027 წლის 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადების დღეს დასრულდება.