ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ლევან უჩანეიშვილი და მანანა გვიჩია, საკრებულოს შესაბამისი კომისიების წარმომადგენლები, ასევე წითელი ჯვრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ხანდაზმულთა ყოველდღიურ საჭიროებებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მონაწილეებმა ისაუბრეს მხარდაჭერის მოქმედ სერვისებზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც უფროსი თაობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურ ჩართულობას უწყობს ხელს.