მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

კულტურა

ძველი კოლხეთის ცივილიზაცია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ტეხურის აუზი, სადაც მდებარეობდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი, ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულიდან ეგრისის ერისთავის ქუჯის რეზიდენცია – ციხე-გოჯი და მერმინდელი სამეფოს დედაქალაქი – არქეოპოლისი მოიკავებდა კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთსა და ეგრისის ქედს.

სენაკის ტერიტორია უძველესი პერიოდიდან იყო დასახლებული. ეს რეგიონი ყოველთვის განსაკუთრებული სტრატეგიულობით გამოირჩეოდა, რის გამოც ნაქალაქარმა თითქმის 15 საუკუნის განმავლობაში მნიშვნელობა არ დაკარგა. იგი შედიოდა ეგრისის სამეფოს შემდგენლობაში მურვან ყრუს მიერ ნოქალაქევის ტერიტორიაზე არსებული ციხე-გოჯის დანგრევამდე. შემდეგ, აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში, თამარ მეფის დროიდან კი – ოდიშის სამთავროში. შუა საუკუნეების დასასრულს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შხეფის ციხე. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ სენაკი კვლავ სამეგრელოს სამთავროში შედის, ხოლო 1867 წლიდან 1917 წლამდე – ქუთაისის გუბერნიაში.

სენაკი, რომელსაც 1921 წელს ეწოდა ქალაქი, მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი იყო. თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის გაყვანამ და რკინიგზის სადგურის მშენებლობის დამთავრებამ ხელი შეუწყო ახალი ქალაქის მნიშვნელობის ზრდას. მან თავისი მდებარეობით მალე დაჩრდილა სენაკის ყოფილი ცენტრი, რომელსაც ძველი სენაკი დაერქვა, დღევანდელ სენაკს კი -ახალსენაკი. 1921 წლიდან, გასაბჭოების შემდეგ, სენაკი მაზრის ცენტრია, რომელიც აერთიანებს აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის რაიონებს. 1930 წლიდან სენაკი დამოუკიდებელი რაიონია, რომელსაც 1935-1989 წლებში ერქვა მიხა ცხაკაია. 1990 წლიდან კვლავ დაუბრუნდა ადრინდელი სახელი – სენაკი.

სიტყვა ,,სენაკი’’ ბერის, მონაზვნის, განდეგილის ცალკე ოთახს ,,მცირე სახლაკს’’ ნიშნავს. აქ ბერ-მონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან ჩქეფდა. მარტო წმინდა ალექსი ბერის (შუშანია) ხსენება რად ღირს, ეს სახელი სენაკელებს დიდ მოვალეობისა და მოწიწების გრძნობას უღვივებს.
სენაკი თავიდანვე კულტურის თვალსაჩინო ცენტრი იყო. ახალსენაკში დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ცხოვრებას. აქ, ძმები თავართქილაძეების სტამბაში იბეჭდებოდა სხვადასხვა წიგნები, მათ შორის ,,ვეფხისტყაოსანი’’,რომლის ეგზემპლარი ინახებოდა ინგლისში, ოლივერ და მარჯორ უორდროპების ბიბლიოთეკაში. 1884 წელს ძველ სენაკში გაიხსნა სათავადაზნაურო სასწავლებელი, როგორც ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ფილიალი, რომელიც მალე ორკლასიანი (ოთხწლიანი) მოსამზადებელი სასწავლებელი გახდა. აქ სწავლობდნენ: სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია, კონსტანტინე გამსახურდია და მისი ძმა.

XIX საუკუნის 80-იანი წლების დამლევს სენაკის ცენტრში გაიხსნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწერალი ვასილ ბარნოვი.

სენაკში აღიზარდნენ საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები: აკაკი ხორავა, შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, თეოფანე დავითაია, ჟიული შარტავა და სხვანი…

1959 წლიდან ქალაქს ამშვენებს აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის უმშვენიერესი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ხელოვნების გალერეა, 4 მუზეუმი, უმაღლესი სასწავლებლები და კოლეჯები, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ცენტრები, ათეულობით სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა.

სენაკი ბუნებრივი რესურსების სიმდიდრითა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამორჩეული მხარეა. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს კასტრული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, გოგირდოვანი წყლების რესურსი ნოქალაქევის თემში, ბალნეოლოგიური – მენჯის თემში.

ბოლო წლებში სენაკი განსაკუთრებულად გამშვენდა, კეთილმოეწყო მისი ინფრასტრუქტურა. ქალაქის ცენტრში აიგო ჩუქურთმებში ჩასმული გამორჩეული სილამაზის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი, აშენდა ახალი დაწესებულებები, სპორტის სასახლე და სპორტული კომპლექსები. ქალაქი სენაკი არის სენაკი-ჩხოროწყუს ეპარქიის ცენტრი.

სენაკის მუნიციპალიტეტი იშლება რიონისპირეთიდან და უნაგირას მთის ორივე კალთაზეა გადაჭიმული. უჭირავს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილის ცენტრი, რელიეფში გამოკვეთილია გეოლოგიური აგებულებისა და წარსულის როგორც ტექტონიკური პროცესების, ისე მდინარეული ეროზიის მოქმედების კვალი.

ძირითადი მორფოლოგიური ერთეულებია: დაბლობები, მაღლობები, მთები და ხეობები.

სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებს და სერებს. ეკის მთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 270 მ-მდეა. ჩრდილოეთით და დასავლეთით ეკის მთა დანაწევრებულია მდ. ცივისა და მისი შენაკადების მიერ სერებად და გორაკ-ბორცვებად.

ქალაქის მახლობლად არის შხეფის, კიკაჩონას, ხაბაზეთის, ზისხირისშ, სახარბედიოსა და საკირის მთები, შუშანიას სერი, (მას კუნძულ მთას ეძახიან მკვიდრნი) და სხვა.

კირქვითა და ცარცით აგებულ ადგილებში მდინარეებმა და ნიაღვრის წყლებმა რელიეფის ჩამოთვლილ ფორმებთან ერთად შექმნეს ღრმა ხევები და ხეობები.
მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი არის კოლხეთის დაბლობის მნიშვნელოვანი უბანი, რომელიც დასერილია მდ. ცივისა და მდ. ტეხურის შენაკადებით. დაბლობის მაქსიმალური სიმაღლე 30 მ-ს აღემატება. იგი ჩრდილოეთისკენ მაღლდება და წყდება ეკის, შხეფის და ნოქალაქევის გორაკების სამხრეთ კიდესთან.

რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელს უწყობს მდინარეთა ქსელის სიხშირეს.

მდ. ცივი სათავეს იღებს ეკის მთის ჩრდილოეთი ნაწილიდან, მდინარის კალაპოტი ვიწროა და კლაკნილი, ჭორომები ზოგან ჩანჩქერებს ქმნიან.

მდ. ტეხური ეგრისის ქედიდან იღებს სათავეს. გარდა წყალდიდობისა, მას წყალმოვარდნაც ახასიათებს.

ცივსა და ტეხურს ასაზრდოებენ პატარა მდინარეები და ღელეები: ფიცუ, დღურუ, ზანაძგა, უჩაღალუ , ჭიჭე ღალუ, ეკუსკირი, კვარჩხანღალუ, ნახური, ჩხარი, ფაქვა, ცანასკური, მენჯი, სკვერ-მენჯი.

სენაკის მუნიციპალიტეტი მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, რომელთაგან აღასანიშნავია მინერალური და კარსტული მტკნარი წყაროები.

თერმული მინერალური წყაროები გვხვდება სახარბედიოში, ლეძაძამეში, ზანაში, ნოქალაქევში, ფოცხოში, ახალსოფელში და სხვაგან.

მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული კოორდინატებია ჩგ. 400 171 და ა.გ. 400 011. მუნიციპალიტეტს აქვს წაგრძელებული ფორმა სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი ემიჯნება აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. წყემს ჩრდილოეთით, დასავლეთით – ხობის მუნიციპალიტეტს მდ. ხობისწყალთან, უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სოფ. ახუთთან, სამხრეთით – ლანჩხუთისა და ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის: ზემო ჭალადიდის ბარი (რიონის ორივე ნაპირზე), ახალსოფელი, თეკლათი, ნოსირი, სენაკი და მენჯი. ხორში და ზანა ძირითადად გაშლილია გორაკბორცვიან ვაკეზე.

 

ტერიტორიული ორგანოს დასახელება

კომლთა რაოდენობა

მათ შორის (კომლთა რაოდენობის მიხედვით)

მოსახლეობა სულ

 

მათ შორის დევნილი

ადგილობრივი

დევნილი

1

ქალაქი სენაკი

9291

6796

2495

28506

6305

2

ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული

636

610

26

1836

 

3

ეკის ადმინისტრაციული ერთეული

306

292

14

 

872

 

4

ზანის ადმინისტრაციული ერთეული

504

494

10

1400

 

5

ზემო-ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეული

217

204

13

566

 

6

თეკლათის ადმინისტრაციული ერთეული

851

787

64

2638

 

7

ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეული

429

380

49

1097

 

8

მენჯის ადმინისტრაციული ერთეული

464

461

3

1342

 

9

ნოსირის ადმინისტრაციული ერთეული

1229

1115

114

2476

 

10

ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეული

531

455

76

1585

 

11

უშაფათის ადმინისტრაციული ერთეული

313

297

16

866

 

12

ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეული

657

623

34

2000

 

13

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეული

1473

1343

130

4195

 

14

ხორშის ადმინისტრაციული ერთეული

530

516

14

1512

 

15

გეჯეთი ადმინისტრაციული ერთეული

442

398

44

1256

 

სულ ადმინისტრაციულ ერთეულებში

8582

7975

607

23496

1680

სულ მუნიციპალიტეტში

17873

14771

3102

52002

7985

 

ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი სენაკი

ფართობი – 520,7კვ.კმ

კლიმატი – სუბტროპიკული ზონა

ქალაქი – 1

სოფელი – 14

მანძილი თბილისამდე – 270 კმ

მანძილი ზუგდიდამდე – 45 კმ

უახლოესი პორტი, ქალაქი ფოთი – 35კმ

უახლოესი რკინიგზის სადგური – ქ.სენაკი

უახლოესი აეროპორტი – კოპიტნარი – 42კმ

ქალაქის მოსახლეობა – 27 217

სოფლის მოსახლეობა – 21 137

მოსახლეობა(დევნილთა ჩათვლით) – 48 854

მათ შორის:

ქალი – 27 191

კაცი – 21 663

მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:

1)ქართველი – 98 %

2)რუსი – 0,6%

3)ასირიელი – 0,2%

4) სხვა – 0,2%

წყლის ძირითადი არტერიები:

1)  არტეზიული ჭები

სოფლის მეურნეობა:

მუნიციპალიტეტის ძირითად რესურსს მიწა წარმოადგენს.

სენაკის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარებით აგრარულ რეგიონს მიეკუთვნება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 520,7 კვ. კმ-დან სასოფლო სამეურნეო სავარგულია 22 260 ჰექტარი, რაც მთლიანი ტერიტორიის 42,7%-ია.

მათ შორის:

სახნავი – 10953 ჰა (49%)

საძოვარი – 7 025 ჰა (32%)

სათიბი – 20 ჰა (0,1%)

მრავალწლიანი ნარგავები – 3 907 ჰა (17%)

ნასვენი – 349 ჰა (1,5%)

მუნიციპალიტეტი განთავსებულია კოლხეთის დაბლობზე, რომლის დამახასიათებელ თვისებად ითვლება დახრილობა  ტერიტორიის გორაკ-ბორცვიანი ნაწილიდან ვაკე რელიეფისაკენ. ძირითადად გავრცელებულია ნეშომპალა-კარბონატული, ყვითელმიწა, ეწერი და ალუვიური ტიპის ნიადაგები.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობას  ძირითად მიმართულებად აღებული აქვს მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება.

მემცენარეობიდან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამარცვლე სიმინდისა და სოიას წარმოებას. მეტ-ნაკლებად განვითარებულია მებოსტნეობა, მრავალწლიანი ნარგავებიდან მნიშვნელოვანია: ციტრუსი, ხილი, ჩაი, ვენახი, დაფნა, ხეხილი, სუბტროპიკული ხურმა, კივი და ა. შ.

მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი რესურსი არსებობს. გააჩნია სათესლე ელიტური ჯიშის სოიას წარმოების უდიდესი ტრადიცია და გამოცდილება.

სენაკის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

  • ნოქალაქევის ნაქალაქარი;
  • ნოსირის აბანო;
  • ნოსირის არქეოლოგიური ძეგლი – ძვ.წ.II-I ათასწლეულები
  • კოტიანეთის ციხე;
  • მენჯის ციხე (ნაწილობრივ გათხრილი);
  • შხეფის ციხე;
  • ეკის ნათლისმცემლის სახ. სამონასტრო კომპლექსი, XII ს;
  • ეკის ეკლესია, XIIIს;
  • ეკის ციხის ნანგრევები, XIIIს;
  • ციხეგოჯი არქეოპოლისის საქალაქო-თავდაცვითი კომპლექსი, ძვ.წ III – ახ. წ. VIII ს;
  • ნოქალაქევის ,,ორმოცმოწამეთა,, ეკლესია, VI ს;
  • გოგირდოვანი წყლების აბანო, VI-VII ს;
  • კოტიანეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესია, XVIII ს;
  • კოტიანეთის ციხის ნანგრევები ,,არამიშ ნოხორი,, , XVIII ს’
  • ძვ. სენაკის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ნანგრევები XVIII ს;
  • ძვ. სენაკის მაცხოვრის შობის სახ. ეკლესია, XVIII ს;
  • ,,ქუაშ ოხორიშ,, ციხე, XIII ს;
  • საგანგაშო კოშკი – ძველი სენაკი;
  • ,,ჯგემარიონის,, ეკლესიის ნანგრევები – შუა საუკუნეები – ლეძაძამეს თემი;
  • კვაუთის მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის ნანგრევები – შუა საუკუნეები;
  • მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ნაშთი – ლეძაძამეს თემი;
  • ჩიქოვანების აბანო – ლეძაძამეს თემი;
  • დადიანების საგვარეულო ნაგებობა- ლეძაძამეს თემი;
  • ანტიკური პერიოდის აბანო – ლეძაძამეს თემი;
  • შხეფის ციხის კომპლექსი (შუა საუკუნეები) – სენაკი, შხეფის უბანი;
  • ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესია – ზემო თეკლათის დედათა მონასტერი), XIX ს;
  • მთავარანგელოზის სახ. მენჯის ეკლესია, XIX ს – სენაკი, მენჯის უბანი;
  • ,,ნაოხვამუშ ეკლესია,, ,XIII ს – მენჯის თემი;
  • საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის სახ. ეკლესია, XIII ს – სენაკი, საკალანდარიშვილოს უბანი;
  • საკალანდარიშვილოს ციხის ნანგრევები, XIII ს – სენაკი, საკალანდარიშვილოს უბანი;
  • ნათლისმცემლის სახ. ტაძარი, XX ს;
  • ,,ხომონის გვირაბი,, – სენაკი, შეფის უბანი;
  • ხორშის მაცხოვრის სახ. ეკლესიის ნანგრევები, XIII ს – ხორშის თემი;
  • მთავარანგელოზის სახ. ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები) – ხორშის თემი;
  • საგანგაშო კოშკი – ხორშის თემი;
  • ნოსირის რომაული ტიპის აბანოს ნანგრევები, VI-VIII სს – ნოსირის თემი II ნორისის უბანი,;
  • მაცხოვრის შობის სახ. ეკლესია, XXI ს – ნოსირის თემი;
  • წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ნაშთი, შუა საუკუნეები – გეჯეთის თემი
  • მთავარანგელოზის სახ. ეკლესია – ფოცხოს თემი;
  • ,,ჯგემარიონის ეკლესია,, – ფოცხოს თემი;
  • წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ნაშთი – უშაფათის თემი;
  • მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის ნაშთი – უშაფათის თემი;
  • წმ. ბარბარეს სახ. ეკლესიის საძირკვლის ნაშთი, შუა საუკუნეები – თეკლათის თემი
  • საგანგაშო კოშკი – მენჯის თემი

მენჯის მთავარანგელოზთა (მიქაელისა და გაბრიელის) სახელობის ტაძარი 

ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე. იგი აგებულია ღირსი მამა -ალექსი ბერის (შუშანია) მიერ 1908 წელს, უხსოვარ დროში არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე. ამ სალოცავს უძველესი დროიდან მიაგებდნენ პატივს მორწმუნენი. სწამდათ, რომ აქ განსაკუთრებული ღვთის მადლი ტრიალებდა. ამავე ტაძრის ეზოში მდებარე მისივე სახელობის ეკლესიაში არის დაკრძალული წმინდა ბერი ალექსი, ამ სავანის აღმდგენელი და აღმშენებელი.
ღირსი მამა ალექსი დაიბადა 1851 წლის 23 სექტემბერს (ძვ. სტილით) სოფელ ნოქალაქევში ღვთისმორწმუნე მშობელთა – ლევან შუშანიასა და ელენე შავდიას ოჯახში.
მამის სიკვდილის შემდეგ 16 წლის ჭაბუკი გაემგზავრა ქ. სტამბოლში, სადაც მაშინ ცხოვრობდა და სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა მისი ბიძა ისლამ შუშანია. აქ მოხდა მკვეთრი გარდატეხა მის ცნობიერებაში. სასწაულებრივი ხილვის შემდეგ, სარწმუნეობრივი განწყობით გაჟღენთილი დაბრუნდა იგი სამშობლოში. ოჯახს ბერად შემდგომის ზრახვა გამოუცხადა. ერთხანს სალოსურ ცხოვრებასაც ეწეოდა, დადიოდა სოფლიდან სოფლად ფეხშიშველი, ეხმარებოდა ქვრივ-გაჭირვებულებს, ემსახურებოდა გადამდები სენით შეპყრობილ უჭირისუფლო ადამიანებს. 
მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში მღვდელმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიასთან ერთად გაემგზავრა ათონის მთაზე, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო.
მისი გავლენით მონაზვნად შედგა მთელი ოჯახი: ძმა, დები და დედა. თავად ალექსი ბერი მღვდელმონაზვნად ხელდასმულია 1881 წელს.
1992 წლის ივნისში, ღვთაებრივი გამოცხადებების შემდეგ, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად ალექსი ბერი დაემკვიდრა მთავარანგელოზთა კუნძულზე, როგორც უწოდებდნენ იმ ადგილს. ძველი ეკლესია თავისი ხარჯებით გადახურა, კედლები მოაშენა და მოაწყო საძირკვლად. ცხოვრობდა პირადი შრომით. შემდგომ დაიწყო ახალი ქვითკირის ეკლესიის მშენებლობა. 1898 წლიდან იგი სრულიად ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე ეწეოდა საეკლესიო დაყუდებულ ცხოვრებას. გარეშე მნახველს იღებდა მხოლოდ შაბათ-კვარაობით. დროს ლოცვასა და სამწერლობოო მუშაობაში ატარებდა.

განმარტოებული მონაზვნური ცხოვრების მიუხედავად, ალექსი ბერი უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო. ხშირად მის სენაკში საინტერესო საუბრები და კამათი იმართებოდა სარწმუნეობრივ-საზოგადოებრივ საკითხებზე. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, მისი ნაშრომები ცალკე წიგნებად გამოდიოდა.
1903 წელს ალექსი ბერი თავისი ხის დიდი ჯვრით გზაში შეხვდა რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელ ეგზარქოს ალექსის ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად, რომლებიც ცდილობდნენ სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. მან საპროტესტო წერილი გადასცა ეგზარქოსს. დიდი პატივისცემით მოსილი ბერის საჯარო პროტესტმა დააფიქრა იგი, იქვე დაამშვიდა და აღუთქვა, ეს ჭორია, არ მოხდებაო.
ცხოვრების უკანასკნელ წლებში ალექსი ბერი მძიმედ დაავადდა და 1923 წლის 31 იანვარს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს იგი წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა.
კომუნისტური მმართველობის პერიოდში შუშანიების სავანე შრომით, რუდუნებით, განსაცდელითა და გმირული დათმენით შეინარჩუნეს ალექსი ბერის ბიძაშვილებმა: იღუმენია ფავსტომ და სქიმონაზონმა აკეფსიმამ. შემდგომ პერიოდში კი მონაზონთა გაზრდილმა დებმა – ზოია და ნინა შუშანიებმა, რომლებიც დღესაც იქ მოღვაწეობენ.
1981 წლის ნოემბრიდან მენჯის სავანის წინამძღვარმი არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა). ტაძრის დღესასწაულია 21 ნოემბერი.

 

ციხეგოჯი არქეოპოლისი

კოლხეთი მდებარეობდა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. აქ კი მდინარე რიონ-ფაზისის ერთ-ერთი შენაკადის ტეხურის პირას, სოფ. ნოქალაქევში მდებარეობდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი. ძვ. წ. IV ის მიწურულიდან – ეგრისის ერისთავის ქუჯის რეზიდენცია – ციხეგოჯი.რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ნოქალაქევმა 15 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არ დაკარგა მნიშვნელობა. ნაქალაქარი 20 ჰა-ზე მეტად რთულ რელიეფზეა გაშენებული. ის სამი ნაწილისაგან შედგება: ქვედა ტერასის, ფერდობისა და მთის პლატოზე გაშენებული ციტადელისაგან. 
არქეოლოგიური გამოკვლევებით დასტურდება, რომ ამ ადგილას პირველი სამოსახლო ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზეა გაჩენილი. ნაქალაქარის ქვედა ტერასის აღმოსავლეთ სექტორში გამოვლენილია ძვ.წ. VIII-VII სს. დათარიღებული, მთელს კავკასიაში უანალოგი ნამოსახლარი, სახელოსნოებითა და საკულტო მოედნით. როგორც ირკვევა, აქ ადგილობრივი ხელოსნები 28 საუკუნის წინ სხვადასხვა მინერალებისაგან საოცრად მაღალ ხარისხოვან მძივებს ამზადებდნენ. აქვე ფუნქციონირებდა მცირე მეტალურგიული სახელოსნო. გამოვლენილია ამ სახელოსნოებისათვის საჭირო მრავალფეროვანი ნედლეული და ინვენტარი. სახელოსნოების ტერიტორიაზე იქნა აღმოცენილი ათეულობით დამსხვრეული ორმხრივთავებიანი, სხვადასხვა ცხოველების კერამიკული ფიგურები. სავარაუდოა, რომ აქ რთული რელიგიური რიტუალი სრულდებოდა.
ძვ.წ. VI ს-ის დასაწყისისათვის სახელოსნოები და საკულტო მოედანი ძლიერ ხანძარს გაუნადგურებია და ცხოვრების ინტენსივობის დონე შედარებით დაქვეითებულა.
ძვ.წ. IV ს-ის მიწურულიდან, ქართლის სამეფოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მეფე ფარნავაზის თანამედროვე ეგრისის ერისთავი ქუჯი ნოქალაქევში აშენებს თავის რეზიდენციას ,,ქალაქსა და ციხეს” – ციხე-გოჯს. არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებულია დიდი რაოდენობით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ნაწარმი, რაც იმდროინდელი ცხოვრების მაღალი დონის მაჩვენებელია.
ძვ.წ. II ს-დან ჯერ პონტოს სამეფოს, შემდეგ კი რომის ექსპანსიის შედეგად კოლხეთში ცხოვრების საერთო დონე ძლიერ ეცემა და ციხეგოჯშიც ცხოვრება თითქმის ქრება.
ახ. წ-ის I ს-დან დასავლეთ საქართველოში რამოდენიმე სახელმწიფო შეიქმნა. მათ შორის ყველაზე ძლიერმა ეგრისის სამეფომ IV ს-ში გააერთიანა დასავლეთ საქართველო, მისი დედაქალაქი გახდა ნოქალაქევი. ქართველები მას ციხეგოჯს, ხოლო ბიზანტიელები-არქეოპოლისს უწოდებდნენ. ნოქალაქევის სამეფოს ცენტრად გადაქცევისთანავე აქ დიდი სამშენებლო მოღვაწეობა გაჩაღდა. ქალაქი გალავნით შემოიზღუდა; აიგო სასახლე და დარბაზული ეკლესია. ქვეყნის დედაქალაქში ქრისტიანული ტაძრის მშენებლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ეგრისში IV ს-ში გამოცხადდა. ინტენსიური ქალაქმშენებლობა V-VI საუკუნეებშიც გრძელდებოდა. პირველ რიგში უფრო მძლავრი გახდა თავდაცვითი სისტემა: V ს-ში ქალაქს კიდევ ერთი გალავანი შემოავლეს. მთის პლატოზე, რომელიც ნოქალაქევს ზემოდან დაჰყურებს, აიგო ციტადელი; თუმცა ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და VI ს-ის დასაწყისში ქალაქის აღმოსავლეთის და სამხრეთის მხარეები კიდევ უფრო გაამაგრეს დიდი ქვის კვადრებით აგებული გალავნით. ისეთივე გალავანი აიგო მთის ფერდობზეც და ამით დასრულდა მთელი პერიმეტრის შემოზღუდვა. ქალაქში შემოსასვლელი ჭიშკარი გაჭრილი იყო აღმოსავლეთის გალავნებში, სადაც მას სპეციალურად აგებული კოშკი იცავდა. თავდაცვითი სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო დასავლეთ კუთხეში მდებარე მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბი, საიდანაც ქალაქი ალყის დროს წყლით მარაგდებოდა. ციხეგოჯის თავდაცვითი სისტემის სიძლეირეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ VI ს-ის შუა ხანებში ირანელი დამპყრობლები 2-ჯერ შეეცადნენ მის აღებას, მაგრამ იქ გამაგრებულმა ეგრისელებმა და მათმა მოკავშირე ბიზანტიელებმა მოიგერიეს ისინი.
თავდაცითი ნაგებობების გარდა V–VI საუკუნეებში ქალაქში აიგო საერო და საკულტო ნაგებობები – 5 ეკლესია, 2-2 სასახლე და აბანო, წყლის რეზერვუარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის ცენტრში მდგარი ,,ორმოცმოწამეთა” ეკლესია და სასახლე. ეს უბანი დაცული იყო ცალკე გალავნით და კოშკით. ქალაქმშენებლობის დიდ მასშტაბებზე მეტყველებს ნოქალაქევში გამოვლენილი დიდი რაოდენობით გამოვლენილი სამშენებლო კერამიკა – სხვადასხვა ზომისა და ფორმის აგურები, ნაგებობების გადასახურავი ასევე სხვადასხვა ზომისა და ფორმის კრამიტები.
ცოხეგოჯი – არქეოპოლისი ქვეყნის არა მხოლოდ ადმინისტრაიული, არამედ სტრატეგიული და სავაჭრო ცენტრიც იყო. იგი მდებარეობდა ეგრისის მთის და ბარის შესაყართან მნიშვნელოვან სავაჭრო-სატრანსპორტო გზაზე. ამ გზით ირანი, სომხეთი და ქართლი ბიზანტიასა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთს უკავშირდებოდნენ. გაცხოველებულ ვაჭრობაზე მეტყველებს ნოქალაქევში აღმოჩენილი დიდი რაოდენის სხვადასხვა სახის იმპორტული ნაწარმი. ასევე, სხავასხვა იმპერატორების მიერ მოჭრილი ბიზანტიური მონეტები. ქალაქის ეკონომიკურ სიძლიერეზე მიუთითებს ადგილობრივი ნაკეთობების სიუხვეც – სამეურნეო, საოჯახო და სამზარეულო დანიშნულების კერამიკა. ნოქალაქევში გამოვლენილია ლითონის სამეურნეო და საბრძოლო იარაღები – თოხები, ცულები, შუბისპირები, ისრისპირები და ა. შ.
ეგრისისა და შესაბამისად დედაქალაქის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება VII საუკუნის ბოლოდან, როდესაც აქ ახალი დამპყრობლები – არაბები გამოჩნდნენ. მათსა და ბიზანტიელებს შორის დაპირისპირებაში ქართველები ძირითადად ბიზანტიელების მხარეს იბრძოდნენ, ეს კი დასრულდა იმით, რომ 735-737 წლებში საქართველოში ილაშქრა არაბმა სარდალმა მერვან ნიბნ-მუჰამედმა (მურვან-ყრუმ), რომელმაც მრავალი ქართული ციხე აიღო და დაანგრია. მათ შორის იყო ციხეგოჯი-არქეოპოლისიც, აქ მართალია, ცხოვრება ამის შემდეგაც გრძელდებოდა, მაგრამ ქვეყნის ცენტრმა აღმოსავლეთით, ქუთაისისკენ გადაინაცვლა და ნოქალაქევი რიგით სოფლად გადაიქცა.

 

თეკლათის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი

სახარბედიოს მთაზე მდებარე თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიის ათვლა XIX ს-ის 60-იანი წლებიდან იწყება. XIX საუკუნის II ნახევრის შტამპზე ეს ეკლესია მოხსენებულია თეკლათის დედათა მონასტრად (შტამპი ყოფილა რეზინის, ბეჭედი კი ბრინჯაოსი) ორივე 1992 წლის 20 იანვარს გაიტაცეს ეკლესიიდან.
მონასტრის დაარსება უკავშირდება სქემიღუმენია სალომე თავდგირიძისა და იღუმენია ათანასია სალაყაიას სახელებს. დედათა დასი სქემიღუმენის სალომეს წინამძღოლობით თავდაპირველად მენჯის მთავარანგელოზთა მთაზე დაემკვიდრა. მოგვიანებით დედებმა ზემო თეკლათის დედათა მონასტრის ტერიტორია შეარჩიეს დასამკვიდრებლად, სადაც ყოფილა ერთნავიანი ქვით ნაგები მცირე ზომის ჩამონგრეული ტყემორეული ბაზილიკა. 1870 წელს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მის მიერვე შედგენილი ტიპიკონით დედებმა დაიწყეს მონასტრის ჩამოყალიბება. ეს ადგილი და მიმდებარე ტერიტორია ჩამოერთვა სახარბედიოს და გადაეცა მონასტერს სამოღვაწეოდ. დედა სალომე გადაიყვანეს მღვიმის მონასტერში და იღუმენია ამ მონასტრისა გახდა ათანასია, რომელიც მონაზვნად აღკვეცილა 1867 წელს.
გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) ლოცვა-კურთხევით დაიწყო ახალი ღვთისმშობლის შობის სახელობის ბაზილიკური ეკლესიის მშენებლობა, რომელიც მეუფე გრიგოლმა აკურთხა 1889 1 ოქტომბერს. ჟურნალი ,,მწყემსი” 1899 წელს ამ მონასტერზე წერდა: ,,თეკლათის დედათა მონასტრის საზოგადო საცხოვრებლის დამტკიცებისთანავე მასში შეიკრიბნენ მრავალნი დედანი. თეკლათში იყო პატარა ეკლესია, რომელიც სრულებით არ შეეფერებოდა ამ ადგილს. დიდი ღვაწლი და შრომა მიიღეს აქ შეკრებილ მონაზონთა შესაფერისი ეკლესიის აშენებისათვის, ადგილობით მღვდელმსახურებმა გულმხურვალე მონაწილეობა მიიღეს ხსენებული ეკლესიის აღშენების საქმეში და ხაზინის ფულიდან ერთი კაპეიკის დაუხმარებლად კეთილმხსნებელთ მობოჭილ ფულიდან აღშენდა ჩინებული ქვიტირის ეკლესია…’’
1889 წლის პირველ ოქტომბერს ცხრა საათიდან დაიწყეს ეკლესია კურთხევა. კურთხევის შემდეგ დაიწყო წირვა, რომელიც დამთავრდა 12 საათზე. ეკლესიის კურთხევასა და წირვას მრავალი ხალხი დაესწრო. წირვის დროს ერთ მხარეზე გალობდნენ მონაზვნები და მეორეზე მამაკაცები. წირვის შემდეგ მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა წარმოსთქვა სიტყვა.
მონასტერში 100-მდე დედა იღწვოდა. აქ მოღვაწეობდა წმინდა ბერი ალექსი შუშანია და მისი მონაზვნად აღკვეცილი დედა და დები. ფუნქციონირებდა წმ. ნინოს სახელობის ქალთა სკოლაც, სადაც გოგონებს ქრისტეს მოძღვრებისადმი სასოებას, წიგნიერების სიყვარულსა და ხელსაქმეში დაოსტატებას უნერგავდნენ. აქვე არსებობდა სტამბა. მონასტერი თავისი ხარჯებით ბეჭდავდა სასულიერო ლიტერატურას და ხალხს ურიგებდა.
რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III მონასტერს ღვთისმშობლის შობის ხატი შესწირა. 1904 წლის მაისიდან აქ დასვენებულია ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ,,დაუჭკნობელ ყვავილად” წოდებული.
განსაკუთრებით აღსანიშნავია უდიდესი სიწმინდე – წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცერა თითი, რომელიც ვერცხლის ლუსკუმაშია ჩასვენებული.
საბჭოთა პერიოდში გაძარცვეს საყდარი, დაანგრიეს სამრეკლო, დაფანტეს მონაზვნები. დარჩენილ ურჩ დებს ჩამოართვეს ტაძარში ლოცვის უფლება, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ მსახურებას. გასაბჭოების წლების შემდეგ ტაძარში მოღვაწე თითო-ოროლა პირთაგან აღსანიშნავია არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია. 60-იანი წლებიდან განახლდა წირვა-ლოცვა, 1969 წლიდან აქ მოღვაწეობდა პატრიარქის სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი შიო ძიძავა, რომელმაც უწინასწარმეტყველა უწმინდესს პატრიარქობა. იგი თეკლათის მონასტერშია დაკრძალული. აქ იღწვოდნენ ღრმად მოხუცი მონაზვნები; იღუმენია ქეთევანი, რიფსიმე და ელენე ახვლედიანები, იღუმენია ფავსტო და სქემონაზონი აკეფსიმა შუშანიები, სქემიღუმენია ელენე.
1997 წლიდან მონასტერში იღუმენია ანა მუსელიანის მოსვლიდან იწყება მონასტრის ხელახალი აღორძინება. დღეისთვის მონასტერი მშვენდება იქ მოღვაწე დედებისა და დების ზრუნვით, ღვთისშვილთა საერთი ძალისხმევით.

 

შხეფის ციხე

ციხე-სიმაგრეები – ეს არის ნაგებობანი, რომელნიც ხალხის ნიჭმა და შრომამ შექმნა. იმ ციხე-სიმაგრისა, თუ ზღუდის ყოველი ქვა მშრომელი ადამიანის ხელს მოუტანია და დაუდვია, ისე მყარად და მტკიცედ აუშენებია, რომ გრძელმა და ქარიშხლინმა საუკუნეებმა ვერ დაშალეს და ვერც ვერაფერი დააკლეს.
სწორედ ასეთი ციხე-სიმაგრეზე შევარჩიეთ ყურადღება, რომლის ისტორიაც ყველასათვის საინტერესო იქნება.
შხეფის ციხე მდებარეობს სენაკის რაიონში სენაკი-მარტვილის გზატკეცილის ჩრდილოეთით. იგი მთის წვერიდან დაჰყურებს კოლხეთს, რომლის სამხრეთით დაბლობებია , ჩრდოლოეთით-მთები. ციხე წარმოშობილია ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს დაარსებისთანავე დაახლოებით IV საუკუნეში. იგი ამ სამეფოს დაცვის საერთო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია, რომლის დაშლისთანავე სხვა ციხეებმა მიატოვეს არსებობა, შხეფი კი დასაწყისამდე დარჩა სიმაგრედ, რომელიც როგორც ისტორიული ძეგლი, დღესაც ხიბლავს მნახველს.
სიტყვა ,,შხეფა” ნიშნავს შხაფას. ,,შხაფა” კი ქართულად შფოთვას ნიშნავს, როცა მტერი მოადგებოდა ამ მხარეს, მოსახლეობა იწყებდა გოდებას და ყველა მტრის წინააღმდეგ ირაზმებოდა, ირგვლივ შფოთი იყო და სწორედ ამიტომ ამ ადგილს დაერქვა ,,შხეფი”.
ცნობილი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე ვახუშტი ბატონიშვილი თავის წიგნში ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსი” წერს: ,,ხოლო ტეხურსა დასავლეთის კიბეზე არის შხეფის ციხის დიდნაშენი და სასახლე დადიანისა”, რითაც სწორედ განსაზღვრავს ციხის ადგილსამყოფელს და ზუსტად მიგვანიშნებს უნაგირას მთის ადგილს.
ეს ციხე XVI საუკუნეში საკმაოდ ცნობილი ყოფილა, რასაც ადასტურებს შემდეგი ფაქტი: ომარ ფაშას სამეგრელოში ლაშქრობის დროს მცირე ხნით აქ ციხეს თავს აფარებდა სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა თავისი შვილებითურთ და სამთავრო საქმეებს აქედან ხელმძღვანელობდა. ისტორიის სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: ,,დედოფალი იძულებული გახდა თავი შეეფარებინა თავისი ნათესავის – მენიკი დადიანის სასახლეში”. დედოფალს აქვე სტუმრობდა ნ. კოლოუმბიაკინი თავისი ჯარით. ყოველივე ეს მომხდარა უტუ მიქავას აჯანყების დროს.
შხეფის ციხე დიდი ზომის მრავალფეროვანი ნაგებობაა. არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა,რომ თავდაპირველი, ალბათ IV ს-ში აგებული ციხე, პატარა ზომის ყოფილა, რომლის დარღვევის შემდეგ მომდევნო თაობის წარმომადგენლებს ციხე გაუზრდიათ 3-4 – ჯერ აღმოსავლეთით-დასავლეთ ღერძზე. შუაზე კი მაღალი კოშკი ჩაუდგამთ, რომელიც დაზიანებულია, ხოლო გალავანი ბევრჯერ გადაუკეთებიათ. გალავნის ჩრდილო ხაზზე სხვადასხვა დროის ძველი კედლებია, ხოლო სამხრეთ ხაზზე ახალი – XVI-XVII ს-ის სათოფეებია. ბოლო საუკუნეებში ჩანს აგებული ცილინდრული კოშკიც.
პირველი სართული ოთხიოდე მეტრის სიმაღლეზეა. აქვეა კოშკიც ერთადერთი კარი. ჩრდ. გალავანში ჩართული ერთადერთი კოშკი IV-V საუკუნეშია აგებული. მისი ზედა ნაწილი მორღვეულია, ამიტომ სართულშუა ხის გადახურვაც ჩამპალა. მეორე სართულზე სარკმლებია, ზედა სართულშუა კი მცირე ნაშთები და რამდენიმე სარკმელი. ციხის შიგნით ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნაშთია, რომელიც გარნიზორისთვის იქნებოდა განკუთვნილი.
აღმოსავლეთი მონაკვეთის ცენტრში მოზრდილი წყალსაცავია. ციხე მთის წვერზეა და აქ წყალი არ ამოვა, მაგრამ, როგორც ეტყობა, ნიადაგია გაუმტარი და ამ აუზში ცივი, ანკარა წყალია. აუზში ზამთარ-ზაფხულ იგი თითქმის ერთნაირია.
გვიან საუკუნეებში აუზის წყალი ციხისათვის საკმარისი არ ყოფილა და სპეციალური წყალ;სადენი გამოუყვანიათ. წყალსადენის სათავე ჩრდილო-დასავლეთით თითქმის ერთ კილომეტრზეა, მაღალი მთის ფერდობზე. წყალსადენი მაღალი ტექნიკითაა ნაგები, რადგან იგი ჯერ დაღმა მიდის, ხოლო შემდეგ მაღლა ციხეზე ადის. 
ციხის ზედა ეზოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ორსართულიანი სახლი მდგარა, რომლისგანაც მხოლოდ საძირკველი და ბუხარია დარჩენილი.
ციხის ეზოში მიწაში ჩამარხულია ქვევრები. ისინი ალბათ ღვინისათვის იქნებოდა განკუთვნილი, თუმცა გამორიცხული არაა, რომ წყლისათვის გამოეყენებინათ. ციხის ზედა გრძელ ეზოს დასავლეთით პატარა ეზო ეკვრის, რომლის სამხრეთის კედელში კარია მოთავსებული. იგი ციხეში ერთადერთი შესასვლელი ყოფილა. გასულ საუკუნეში კარი მაღლა გაუჭრიათ და ახლაც იმით სარგებლობენ.
კარის წინა მცირე ფართობი XVI-XVIII საუკუნეებში გალავნით შემოუფარგლავთ. ამ თხელ კედლებში ცალმაგი, მარტივი სათოფეებია განლაგებული. კარის დასავლეთით გალავნის კოშკი მიუდგამთ. მის კედელზე ვრცელი წარწერებია, საიდანაც ვიგებთ, რომ შედანს აუგია კოშკი ,,კარის თვალი”, როგორც ეტყობა ასეთი სახელი კოშკს იმიტომ დაარქვეს, რომ იგი ციხის კარის დამცველად იდგა. 
როგორც ვხედავთ, შხეფის ციხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმაგრე იყო, რომელიც ქვეყნის დაცვას თითქმის თხუთმეტი საუკუნე ემსახურა.

 

 

აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორია

სახელწოდება: სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
მისამართი: თეატრალური მოედანი #1
დირექტორი: მამუკა ბარქაია
სამხატვრო ხელმძღვანელი: ირაკლი ადამია
ტელეფონი : 599 67 30 06

XIX საუკუნის 80-იან წლებში დაბა ახალსენაკში თეატრალური ხელოვნების ჩასახვას და მის განვითარებას ხელი შეუწყო 1879 წელს ქართული თეატრის დაარსებამ. ორიოდე წლის შემდეგ 1881 წლის თებერვალში დაბაში ადგილობრივი ძალებით გაიმართა პირველი წარმოდგენა. ნაჩვენები იქნა მოლიერის ,,ძალად ექიმი”. 
1895 წელს იმ დროისთვის ცნობილი დრამარტურგი აქვსენტი ცაგარელი ახალსენაკის რკინიგზის უფროსად ინიშნება. მან მეუღლე ნატო გაბუნია-ცაგარელთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა დაბის თეატრალურ ცხოვრებაში.
90- იან წლებში დაბის სცენის მოყვარეთა კოლექტივს უძღვებოდა ი. მიქელაძე, რომელიც პროფესიით მასწავლებელი იყო. წარმოდგენები იმართებოდა თავადების: ფარნაოზის, ბესარიონისა და დიმიკო მხეიძეების ოჯახებში.
1902 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასისთვის გამოყო შენობა, რომლის რეკონსტრუქციის შემდეგ შესაძლებელი შეიქმნა დასის ნორმალური მუშაობა. ამასთანავე შესაძლებელი გახდა 

საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოსული თეატრალურიდასების გასტროლების გამართვა. ახალსენაკს ბევრჯერ სწვევია იმ დროის გამოჩენილი მსახიობები: ლადო მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძე, ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, ნუცა მხეიძე და სხვა.
1912 წლიდან ადგილობრივ დრამატულ დასში გამოჩნდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები: აკ. ხორავა, ჯ. ღვამბეჩია, გ. ჯაკობიანი და სხვა. მათი მონაწილეობით სენაკელმა მაყურებელმა ნახა გ. ერისთავის პიესა ,,სამშობლო” და ალ. სუმბათაშვილის ,,ღალატი”. 1918 წელს დაბა ახალსენაკის ცენტრში (იქ.სადაც ახლა სასტუმრო ,,ეგრისია” ძმებმა სანიკიძეებმა ააშენეს სამსართულიანი სასტუმრო, რომელსაც ჰქონდა თეატრალური სცენა და დარბაზი. ამავე წელს იქ დაიდგა პიესა ,,ღალატი”, რომელშიც ოთარ ბეგის როლი პირველად განასახიერა აკ. ხორავამ, ახალგაზრდა სცენის მოყვარემ აღფრთოვანებაში მოიყვანა მაყურებელი.
გადიოდა წლები, იცვლებოდა დრამატული დასის შემადგენლობა, მოდიოდა ნიჭიერი ახალგაზრდობა.
მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაბა ახალსენაკში ქალაქისა და რკინიგზის მუშათა კლუბებთან 

მოქმედებდა დრამატული დასი. ორივე დასი თავიანთ მაყურებელს სისტემატურად უჩვენებდა ახალ დადგმებს. 
1938 წელს ორივე გაერთიანების ბაზაზე მუშათა კლუბის შენობაში (იქ სადაც დღეს აკ. ხორავას სახ. თეატრია), შეიქმნა საკოლმეურნეო თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა რეჟისორი გივი ინჯგია.
1938 წლიდან ამ თეატრს მიენიჭა სახელმწიფო-საკოლმეურნეო თეატრის წოდება, 1940 წლიდან – სახელმწიფო თეატრის წოდება, ხოლო 1940 წლიდან სახელმწიფო თეატრის სტატუსი. 1938-45 წლებში ქ. ცხაკაიას (ახალსენაკი) თეატრს ხელმძღვანელობდა ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე შალვა მჟავანაძე.
1945 წლიდან 1949 წლის ჩათვლით თეატრს ხელმძღვანელობდა ასევე ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი გოგი ლომაია. 1947 წელს ჩატარდა თეატრის ერთკვირიანი გასტროლები ქ. ქუთაისში, რაც თვალსაჩინო მოვლენა იყო თეატრის ისტორიაში. 1949 წელს სენაკის სახელმწიფო თეატრი ლიკვიდირებულ იქნა.
სახელმწიფო თეატრის გაუქმების შემდეგ რაიონის კულტურის სახლთან შიქმნა ძლიერი დრამატული კოლექტივი, რომელიც არსებობდა 1959 წლამდე, ხოლო 1959 წლიდან 1990 წლამდე ფუნქციონირებდა სახალხო თეატრი, რომელსაც 1959 წლიდან 1978 წლამდე ხელმძღვანელობდა ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი კარლო კალანდაძე. ამ პერიოდის ყველაზე თვასაჩინო მოვლენა იყო სახალხო თეატრის მიერ დადგმული პიესა მ. ხუნწარიას ,,ტეხურის პირას”. სახალხო საკავშირო ფესტივალის დასკვნით ტურში ქ. მოსკოვში, კრემლის თეატრში სენაკის თეატრი გახდა საკავშირო ფესტივალის ლაურეატი. ამ დადგმას კრემლის თეატრში ემსახურებოდა მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ დანჩენკოს სახელობის სახელმწიფო აკადემიური მუსიკალური თეატრის ორკესტრი 60 მუსიკოსის შემადგენლობით. ორკესტრს დირიჟორობდა ლეონტი ჩიხლაძე. ლეონტი ჩიხლაძეს მუსიკალურად გაფორმებული აქვს 26 დადგმა.
1968-69 წლების სეზონში პირველად რესპუბლიკაში სენაკის სახალხო თეატრმა განახორციელა დადგმა ს. მილორავას მუსიკალური კომედიისა ,,ქორწილი ტეხურის პირას”, სენაკის სახალხო თეატრი მონაწილეა ყველა რესპუბლიკური ფესტივალისა, სადაც ყოველთვის იმსახურებდა მაღალ შეფასებას და ლაურეატობას.
1990 წელს სენაკში, 40 წლის შემდეგ კვლავ აღდგა სახელმწიფო თეატრი, რომლის პირველი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ნიჭიერი დავით ხინიკიძე. პირველი დირექტორი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვ. სალაყაია. განახლებული თეატრის პირველი სეზონი გაიხსნა 1991 წლის 10 ივლისს დრამატურგ ვ. კანდელაკის პიესის ,,დრო 24 საათი” დადგმით. განახლებულ თეატრში ამ ხნის განმავლობაში მაყურებელმა ნახა 21 ახალი დადგმა. რეჟისორები: დ. ხინიკიძე, გელა ბაბუჩიძე, მზია ქირია.

სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეა

სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეა დაარსდა 1979 წლის 29 სექტემბერს. 1980 წლიდან 2007 წლამდე საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ფილიალი იყო. 
გალერეას გააჩნია თავისი ფონდი, რომლის რაოდენობა 200 ექსპონატს ითვლის. მათ შორის აღსანიშნავია: ლადო გუდუაშვილის, გივი თოიძის , ავთანდილ ვარაზის, ვ-ალექსი მესხიშვილის, ა. ბაჟმეუქმელიქის, რ. ადამიას, თ. მირზაშვილის, ვ. დუგლაძის, ო. პარკაიას და სხვა ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები,ბიუსტები თუ ქანდაკებები. 
თავის არსებობის განმავლობაში გამოფენილ იქნა 15 ათასი ექსპონატი. 2007 წელს გალერეა დაექვემდებარა სენაკის კულტურის ცენტრს.

 

საკონტაქტო პირი: ლერი კართხია

ტელ: 577 42 21 96


სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმი

საკონტაქტო პირი: მარინე აბრამია
მისამართი: რუსთაველის ქუჩა №150
ტელეფონი: 599 96 96 46

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com


 

სენაკის ჟიული შარტავას მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

საკონტაქტო პირი: დამირ კუჭავა
მისამართი: რუსთაველის ქ. №150
ტელეფონი: 599 53 91 92

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

 


თეოფანე დავითაიას სახლ – მუზეუმი

საკონტაქტო პირი: თეა ხუნჯუა
მისამართი: ეკის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 577 18 09 75

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com


არნოლდ ჩიქობავას სახლ – მუზეუმი

საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ჩიქობავა
მისამართი: ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 577 18 09 74

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

საჯარო ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი: ლუიზა კემულარია
მისამართი: წმინდა ნინოს ქ. №12
ტელეფონი: 595 01 37 23
axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

საბავშვო ბიბლიოთეკა
საკონტაქტო პირი: ნინო გვასალია
მისამართი: ჭავჭავაძის ქ. № 99
ტელეფონი: 0 413 22 10 15
axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

ეკის ბიბლიოთეკა
საკონტაქტო პირი: ზაალ ელიავა
მისამართი: ეკის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 577 20 16 03
axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

ნოქალაქევის ბიბლიოთეკა
საკონტაქტო პირი: ეთერ ქომეთიანი
მისამართი: ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 577  05 86 68
axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

ლეძაძამის ბიბლიოთეკა
საკონტაქტო პირი: ირმა ჯღარკავა
მისამართი: ლეძაძამის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 599 87 05 21
axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

მენჯის ბიბლიოთეკა
საკონტაქტო პირი: იზოლდა სიორდია
მისამართი: მენჯის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 568  45 86 33

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

 

უშაფათის ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი: იზა ხუნწარია
მისამართი: უშაფათის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 599 87 05 18

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

 

ახალსოფლის ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი: ლია ხურცია
მისამართი: ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 595  04 86 93

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

 

თეკლათის ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი: მაია სართანია
მისამართი: თეკლათის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 577  20 16 23

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

 

ხორშის ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი: ციური შურღულაია
მისამართი: ხორშის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 577 95 78 53

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

 

ნოსირის ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი: ლამარა სირია
მისამართი: ნოსირის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 577 95 78 64

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

 

ზანის ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი: დოდო გვაძაბია
მისამართი: ზანის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 599 38 35 52

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

 

ფოცხოს ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი: ლალი დემურია
მისამართი: ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 577 95 78 20

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

 

ძველი სენაკის ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი: მზეონა ფითურია-არჩაია
მისამართი: ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 577 95 78 33

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

 

ძველი სენაკი (II ნოსირის ბიბლიოთეკა)

საკონტაქტო პირი: ნელი ჯანჯღავა
მისამართი: ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 577 20 16 24

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

 

გეჯეთის ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი: ნონა ბუსკაძე
მისამართი: გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 577 20 16 26

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

 

ჭალადიდის ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი: ვაკანტური
მისამართი: ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეული
ტელეფონი: 

axalgazrdobisadakulturiscentri@gmail.com

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content