დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაცემულ მეომართა და რუსეთის აგრესიას შეწირულ მოქალაქეთა ხსოვნას.
საომარ მოქმედებებს სენაკში მცხოვრები 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ სენაკის მეორე ბატალიონის მებრძოლები: ლევან თეფანია და თემურ ბოკუჩავა;
ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 მოქალაქე: მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს ხსოვნის მემორიალი.
წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სოციალური პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2008 წლის აგვისტოს ომში და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, დაღუპულთა ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცა.
მადლობა, სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე თავდადებისთვის!
მადლობა, გმირობისთვის!