დღეს, სენაკში, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ და მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ბიუსტი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
,,…არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ…“ – ეს იყო
სოხუმის მერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს წევრის, ჟიული შარტავას თანამებრძოლის, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საამაყო შვილის, გურამ გაბესკირიას უკანასკნელი სიტყვები, როცა ის, მთავრობის დატყვევებულ წევრებთან და მათ თანმხლებ პირებთან ერთად, პარლამენტის შენობიდან გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს…
გმირული აღსასრულიდან 24 წლის შემდეგ, 2017 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
24 წლის შემდეგ, გურამ გაბესკირიას ნეშტი, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ 25 პირთან ერთად, საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით, ქართულ მიწას მიაბარეს.
გურამ გაბესკირიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა.