დღეს, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტის – ,,ჩვენი 31-ე ტკივილიანი შემოდგომა” – ფარგლებში, სოხუმის დაცემისა და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას გმირული აღსასრულიდან 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
გმირის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სცენაზე გააცოცხლეს სენაკის საამაყო შვილის ცხოვრების გზა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრული.
,,ჟიული შარტავამ თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ქვეყნის აღმშენებლობას და ბოლოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეეწირა, რითაც საოცარი მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს. სენაკი გმირების ქალაქია. ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბესკირია, ნოდარ კანკია – ამ პატარა კოლხური ქალაქის წიაღში გაზრდილი ჩვენი დროის გმირები არიან. ქვეყანას, რომელიც ასეთ მამულიშვილებს ზრდის, გადაშენება არ უწერია” – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხახუბიამ.
გიორგი ხახუბიამ, პროექტის ავტორს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, გულნარა ბარკალაიას, წარმატებული საერთაშორისო პროექტების განხორციელების, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების, მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების განვითარების, მომავალ თაობებთან – თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი, შემოქმედებითი, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, საპატიო დიპლომი გადასცა.
აფხაზეთის ომის სისასტიკეზე, ჟიული შარტავას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირობასა და აფხაზეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე ისაუბრეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
საღამოს ეპარქიის სასულიერო პირები, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი ხახუბია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, ადგილობრივი თვითმმართველოს, საგანმანათლებლო სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,აფხაზეთი საქართველოა!” ,,ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს …” – ეს გზავნილები გაჟღერდა დღეს, სოხუმის დაცემიდან 31-ე 27 სექტემბერს გმირების ქალაქში.