კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რამაზ კუპრეიშვილი, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი, დალი შონია, სამიზნე სოფლების – ადმინისტრაციული ერთეულების მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში, სენაკის სამიზნე სოფლების მაცხოვრებლებს შეეძლებათ სრულიად უფასოდ გადამზადნენ ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა, ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
პროგრამის სამიზნე სოფლებია: ბეთლემი, ისულა, ლებაღათურე, ლეძაძამე, ლეგოგიე-ნასაჯუ, მოხაში, ფოცხო, საოდიშარიო, სატყებუჩავო, შრომისკარი, შუა ხორში, ციზეთი, უშაფათი და ზანა.
დაინტერესებულ პირებს, რეგისტრაციისთვის, შეუძლიათ მიმართონ პროგრამის ციფრულ ელჩს, ნომერზე: 557 70 72 74.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში, უკვე 7 200-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება.
Log-in Georgia – საქართველოს 500 000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.