სენაკის სამხატვრო გალერეის დაარსების 45 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გალერეის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის“ დასის მონაწილეობით, ლიტერატურული კომპოზიცია, გალერეის ოქროს ფონდში დაცული ნახატების გამოფენა და ოქროს ფონდის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეის შენობა სენაკის საპატიო მოქალაქის, გამოჩენილი არქიტექტორის, აკადემიკოს ვახტანგ დავითაიასა და პროფესორ შოთა ბოსტანაშვილის პროექტით აშენდა და ის ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია.
გალერეის ოქროს ფონდში დაცულია 200-ზე მეტი ექსპონატი. მათ შორის, ლადო გუდიაშვილის, გივი თოიძის, ავთო ვარაზის, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის, თენგიზ მირზაშვილის, რეზო ადამიას, ოთარ პარკაიას, ნადეჟდა გვაძაბიას, მოსე გერსამიას და სხვათა ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები, ბიუსტები და ქანდაკებები. გალერეაში, მისი არსებობის მანძილზე, 15 ათასზე მეტი ექსპონატი გამოიფინა.