რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, სენაკელ წარმატებულ მეწარმეს, გურანდა მირგატიას გაგაცნობთ.
მიმდინარე წელს, გურანდა გახდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონკურსის გამარჯვებული და საქართველოს მასშტაბით ათ მეწარმე ქალს შორის შეირჩა. ის სექტემბერში, სასწავლო ვიზიტით, მიუნხენში მიემგზავრება.
ვულოცავთ გურანდას მოპოვებულ წარმატებას.
გურანდა მირგატია – სახელმწიფოსა და მოქალაქის პარტნიორობის წარმატებული მაგალითია.
მან ტყავზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო, ,,აწარმოე საქართველოში“ – მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტის შემდეგ, გურანდამ სამეწარმეო საქმიანობის არეალი მნიშვნელოვნად გააფართოვა. აქვს ტყავის ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების სახელოსნო „MIRGATIA . მირგატია”. აწარმოებს ბრენდირებულ, მაღალი ხარისხის პროდუქციას.
გურანდას ასევე მოპოვებული აქვს გრანტი პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.
გურანდას სახელოსნო გახდა საახალწლო რადიო-ვიქტორინებისა და სენაკის სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის ორივე სეზონის ერთ-ერთი სპონსორი.
ახალგაზრდა მეწარმე წლებია წარმატებით მონაწილეობს საქართველოს მასშტაბით გამართულ გამოფენებსა და ფესტივალებში.
გურანდა მირგატია: ,,საქართველოს მთავრობა მეწარმეებისა და ფერმერების მხარდამჭერ არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლებმაც შედეგები სენაკის მუნიციპალიტეტშიც მოიტანა. მიმდინარე წელს მონაწილეობა მივიღე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სენაკის ტექნოპარკის ერთობლივ პროექტში – TechInnovate: ინოვაციები მცირე და საშუალო ბიზნესში, სადაც გავიმარჯვე ნომინაციაში – მეწარმე – ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებისთვის და შესაბამისი დაფინანსებაც მოვიპოვე.
ჩვენთვის, ადგილობრივ მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია მსგავს საგრანტო პროექტებსა და სახელმწიფო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა.
სახელმწიფო, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აქტიურად ვიყოთ ჩართულები საგანმანათლებლო, პროფესიულ ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვადასხვა სასწავლო კურსებში, სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში, რაც ჩვენი საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩემი მთავარი მიზანია ბრენდის გაფართოება, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და ქართული ხელნაკეთი ტყავის პროდუქციის ღირსეულად წარმოჩენა საზღვარგარეთ. ამ მიზნის მისაღწევად მუდმივად ვმუშობ საკუთარ თავზე – ვესწრები ბიზნესისა და მეწარმეობის თემებზე ტრენინგებს, ვვითარდები პროფესიულად და ვიღრმავებ ცოდნას მარკეტინგისა და მართვის მიმართულებით“ – აღნიშნა გურანდა მირგატიამ.