რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, წარმატებულ სენაკელ მოჭადრაკეს, სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლეს, გიორგი ჭანტურიას გაგაცნობთ.
ჩვენი ქალაქის სპორტის ისტორიაში, გიორგი ჭანტურია, 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, საქართველოს პირველი ჩემპიონია, რომელსაც ასევე მინიჭებული აქვს ჭადრაკში სპორტის ოსტატობის კანდიდატის წოდება.
2024 წელს, საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში, 16 წლამდე ჭაბუკებს შორის, მესამე ადგილი და ჩეხეთში, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
გიორგი, ჭადრაკს, 5 წლის ასაკიდან თამაშობს. მისი პირველი წარმატება ჭადრაკში, პირველ პედაგოგს, ტიტულოვან მოჭადრაკეს, ზურაბ ლიფონავას უკავშირდება. სწორედ ამ პერიოდში, 2016-2022 წლებში, გიორგიმ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩემპიონის ტიტული 5-გზის, ვიცე-ჩემპიონის ტიტული კი – სამგზის მოიპოვა.
გიორგი ასევე არის რესპუბლიკურ და საერთაშორისო ჩემპიონატებსა და ტურნირებში მრავალგზის გამარჯვებული.
მისი მწვრთნელ-მასწავლებლებია ტიტულოვანი მოჭადრაკეები: მერაბ ჯღამაძე და ჯამბულ მახარაძე.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, გიორგი ჭანტურიას, სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის, წარმატებული სპორტსმენების წახალისების მიზნით შექმნილი მუნიციპალური პროგრამიდან, ფულადი ჯილდო გადასცა.