სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საესტრადო განყოფილების მოსწავლეებს და სკოლის კურსდამთავრებულს, ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა VIII საერთაშორისო კონკურსზე მიღწეულ წარმატებებს ულოცავს.
,,სიამაყით ვულოცავ მორიგ აღიარებას ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმატებულ მოზარდებს და მათ პედაგოგებს – ლელა მიქაბაძესა და შორენა ზვიადაძეს. ხელოვნების ცენტრმა სენაკი არაერთხელ ასახელა. ჩვენს გუნდთან ერთად მხარდაჭერას ვუცხადებ თითოეულ მათგანს და მადლობას ვუხდი სენაკის წარმოჩენისთვის” – აღნიშნავს ვახტანგ გადელია.
ანდორაში გამართული ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა VIII საერთაშორისო კონკურსის პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება წილად ხვდათ სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საესტრადო განყოფილების (ვოკალის მიმართულება) წარმატებულ მოსწავლეებს – ნიკოლოზ გრიგოლიას და მარიამ გარუჩავას.
საორკესტრო – ვიოლინოს მიმართულებით კონკურსის ლაურეატის წოდება მიენიჭა და პირველი ადგილი მოიპოვა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლემ, ლიკა კორსავამ.
ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა VIII საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 9 ქვეყნის – საქართველოს, ანდორას, თურქეთის, აზერბაიჯანის, ლიტვის, ლატვიის, რუმინეთის, ყაზახეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა მიიღეს.
სენაკელი მოზარდები საერთაშორისო კონკურსების, ფესტივალების მრავალგზის ლაურეატები, გრან-პრის და არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელები არიან.
საერთაშორისო კონკურსის საპატიო დიპლომი ასევე გადაეცა სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის საესტრადო განყოფილების პედაგოგს, სოპრანო ლელა მიქაბაძეს.