სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო.
ფორუმი პროექტის – „სტარტაპ თაობა – ციფრული უნარების განვითარება წარმატებული მეწარმეობისათვის სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში ჩატარდა.
პროექტი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორობით, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებითა და გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით, სენაკის ტექნოპარკში მიმდინარეობდა.
,,სტარტაპ თაობის“ მიზანია სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ინოვაციურ მეწარმეობაში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გზით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სოციალურ და დასაქმების უნარების გაძლიერებას, მომავლის პროფესიების შესახებ ინფორმირების გაზრდას, კარიერული კონსულტაციების ჩატარებას და მათ მხარდაჭერას.
ფორუმზე, პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა, წარმოადგინეს ანგარიში ექვსი თვის მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ.
ახალგაზრდობის სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ყარალაშვილმა, პრეზენტაციის ფარგლებში, ყურადღება გაამახვილა სააგენტოს ინოვაციურ პროგრამებზე, მიღწეულ შედეგებსა და მომავალი განვითარების გეგმებზე, რაც ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მერის მოადგილე, დავით ბერაია, ახალგაზრდული სააგენტოს, სენაკის, ხობის და აბაშის ადგილობრივი თვითმმართველობების განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურებისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და თემატური საჩუქრები.