სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პროექტი – „ტექნოლოგიური კვირეული“ დასრულდა.
პროექტის დასკვნით შეხვედრაზე მონაწილე გუნდებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტები და სტარტაპ იდეები.
შემაჯამებელ ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, მოადგილე ნანა ზარანდიასთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ლევან უჩანეიშვილთან ერთად დაესწრო.
სენაკის მერმა ისაუბრა მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ: ,,ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ინოვაციური პოტენციალის განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.“
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, მერის მოადგილე ნანა ზარანდიასთან ერთად, პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
„ტექნოლოგიური კვირეული“ 9 მარტს, სენაკის ტექნოპარკში დაიწყო და ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის ძირითად პრინციპებს. მონაწილეებმა იმუშავეს სტარტაპ იდეებზე, შეისწავლეს ინოვაციური იდეების შექმნის პროცესი, გაეცნენ, ვინ არის სტარტაპერი და როგორ იქმნება წარმატებული ინოვაციური პროდუქტი.
ასევე, მათ მიიღეს ინფორმაცია იდეების გენერირების თანამედროვე მეთოდებსა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობაზე.
კვირეულის განმავლობაში, მონაწილეები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრაქტიკულ ვორქშოფებში, სადაც საკუთარი იდეების განვითარებაზე მუშაობდნენ.