სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მერვე ეროვნულ კონფერენციაზე, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში გამარჯვებულ 14 მუნიციპალიტეტს შორის, ჯილდო, ორ სხვადასხვა ნომინაციაში მოიპოვა.
საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის სპეციალური ჯილდო და სიგელი სენაკის მუნიციპალიტეტს მერს, ვახტანგ გადელიას გადაეცა.
,,სენაკის მუნიციპალიტეტი მუდმივად გამოირჩევა ინიციატივებითა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვით. წლევანდელი მიღწევა კი განსაკუთრებულია – ჩვენ ორ ნომინაციაში გავიმარჯვეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის ერთიანობას, გამოცდილებასა და განვითარების სწორ მიმართულებას. მადლობა ჩემს გუნდს პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომისთვის, იმ ყოველდღიური ძალისხმევისთვის, რომელიც იდეებს რეალურ შედეგებად აქცევს და სენაკის განვითარებას უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, ამ ერთიანობითა და პასუხისმგებლობით მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ,“- აღნიშნა კონფერენციაზე სენაკის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
2025 წლის საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამებად დასახელდა:
მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი – „ინოვაცია, ეკონომიკა და მდგრადობა – საჯარო დიალოგის ახალი სტანდარტი“, რომელიც მიზნად ისახავს კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის განვითარებას ადგილობრივ დონეზე.
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პროექტი – „დაწყებითი კლასების მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები – ადრეული გამოვლენა და პრევენცია“, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ორიენტირებულია ბავშვთა საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პროგრამებზე, მათი უფლებების დაცვასა და მავნე ზემოქმედების პრევენციაზე.
პროგრამის ფარგლებში, პროფილაქტიკური გამოკვლევები სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის პირველი და მეორე კლასების 750 მოსწავლეს ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევის შედეგებით, სხვადასხვა სახის დარღვევა 206 მოსწავლეს დაუდგინდა. ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულად გამოვლენა სწორედ მერიის ახალი პროგრამით გახდა შესაძლებელი.
დაჯილდოვდნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადების მომზადებაში.
სპეციალური ჯილდოები გადაეცათ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს, ნატალია ხუბუას და ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს, დალი ქაჩიბაიას.
აღსანიშნავია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტისთვის, ეს უკვე მეექვსე აღიარებაა:
2024 წლის საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი – ,,ენერგოეფექტური ტენოლოგიების დანერგვა სენაკის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SEKAP) მიხედვით – დასახელდა.
2023 წლის საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი – შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს საგრანტო პროგრამა: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა იდეების მხარდაჭერა და შემოსავლების გენერირება, შშმ პირთა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა” – დასახელდა.
2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის სპეციალური ჯილდო და სიგელი სენაკის მუნიციპალიტეტს მერს, ვახტანგ გადელიას, ნომინაციაში: კერძო-საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე, გადაეცა.
2021 წლის საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი – ,,შინ მოვლის პროგრამა” დასახელდა.
2020 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტს გამარჯვება, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში განხორციელებულმა პროექტმა – ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით” მოუტანა.