რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, 21 წლის წარმატებულ სენაკელ ახალგაზრდას, თაკო გოგიას გაგაცნობთ.
თაკო გოგია სწავლას აგრძელებს აშშ-ში, ნიუ ჯერსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, სამაგისტრო პროგრამაზე. მან მოიპოვა 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება, სწავლის დარჩენილი საფასურის ნაწილი სენაკის მერიამ დაუფინანსა.
თაკო არის სენაკის კერძო სკოლა ლიცეუმის ოქროსმედალოსანი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის წარჩინებული კურდამთავრებული.
თაკო გახდა IBSU-ს პროექტის – „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ მენტორი. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარჩინებულმა სტუდენტმა, საკუთარი გამოცდილება არქიტექტურაში მოსწავლეებსაც გაუზიარა.
,,ჩემთვის არქიტექტურა არის ვიზუალიზაციის, კრეატიულობის და სივრცეთა მაგიურად გარდაქმნის ხელოვნება, ძალა, რომლითაც ჩანაფიქრი ქაღალდზე საბოლოოდ რეალობად იქცევა და ადამიანების ყოფა-ცხოვრებას ცვლის. ახლა, ჩემი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელი პერიოდი იწყება, მოგზაურობა აშშ-ში, ნიუ ჯერსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც შანსს მომცემს გავეცნო არქიტექტურის მსოფლიო ტენდენციებს, ვიმუშავო ლიდერ პროფესიონალებთან და განვავითარო ჩემი ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება არქიტექტურამ შეცვალოს სამყარო. ჩემი ოცნებაა, რომ ერთ დღეს ჩემი პროექტებიც იდგეს იქ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ და ისტორიას ქმნიან. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის სენაკის მერიას“ – აღნიშნა თაკო გოგიამ.