რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, ანა მახარაშვილს გაგაცნობთ:
სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულის, ანა მახარაშვილის მუსიკალურ კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო: ანა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების მოსწავლე გახდა.
ანა მახარაშვილმა წარჩინებით დაამთავრა სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა – ვოკალური და საორკესტრო (ვიოლინო) მიმართულებებით.
ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებული გუნდის წევრს და გოგონათა ვოკალური ანსამბლის სოლისტს, არაერთი მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული: არის რეგიონული, რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების არაერთგზის ლაურეატი და გამარჯვებული.
პირველი აღიარება და პირველი საპრიზო ადგილი, 2019 წელს, საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა. შემდეგ იყო ქართული სიმღერის ფესტივალი – ,,სხვა საქართველო სად არის?!“, სადაც ანა, ნომინაციაში – ,,სოლო სიმღერა“, პირველი ადგილის მფლობელი გახდა. კლასიკური მუსიკის ეროვნულ ფესტივალზე ორგზის მოიპოვა ლაურეატის წოდება.
2024 წელს, ანა, ვოკალურ ანსამბლთან ერთად, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნული კონკურსის პირველი ადგილის და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მოპოვებული წარმატებისთვის, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ფულადი ჯილდო გადაეცა.
ანა მახარაშვილი არის ქართული მუსიკის IX ეროვნული კონკურსის პრემიის და ლაურეატის წოდების მფლობელი, კლასიკური მუსიკის მე-18 ეროვნულ კონკურს-ფესტივალის გამარჯვებული, ნომინაციაში – ,,თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების პოპულარიზაციისთვის”, სულხან ცინცაძის სახელობის დიპლომის მფლობელი, სენაკის მუსიკალური ფესტივალის არაერთგზის ლაურეატი.