რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, გამორჩეულ სენაკელ შემოქმედს, ნიკოლოზ გრიგოლიას გაგაცნობთ:
12 წლის ასაკში, ნიკოლოზ გრიგოლია, მუნიციპალური, რეგიონული, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების, ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი და არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელია.
ნიკოლოზი, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საესტრადო და საფორტეპიანო განყოფილებების წარჩინებული მოსწავლეა, ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გუნდის ერთ-ერთი სოლისტი, სენაკის სალოტბარო სკოლის მოსწავლე. ნიკოლოზი წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-6 წარჩინებული მოსწავლეა.
მიმდინარე წელს, ნიკოლოზ გრიგოლია, ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი და კონკურსის ლაურეატი გახდა.
ქართული კლასიკური მუსიკის IX ეროვნულ კონკურსზე ნიკოლოზს წილად ხვდა პირველი ადგილი, ლაურეატის წოდება, ტიტული – ,,მაყურებლის სიმპათია“ და ფულადი პრემია.
2025 წელს, ნიკოლოზი, ვოკალში – ბავშვთა და მოზარდთა XVII რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“, ვერცხლის მედლის მფლობელი და ფესტივალ-კონკურსის ლაურეატი გახდა, ასევე, საერთაშორისო კონკურსის – ,,ჰარმონია’’ – პირველი ადგილის მფლობელი და კონკურსის ორგზის ლაურეატი.
მიმდინარე წელს, ნიკოლოზმა, როგორც სალოტბარო სკოლის წარმატებულმა მოსწავლემ, მონაწილეობა მიიღო მეგრული ფოლკლორის საღამოზე და ბაგრატის საკათედრო ტაძარში, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივ პროექტში – ,,გალობის მერცხლები“, სადაც თავისი გამორჩეული საშემსრულებლო ოსტატობით, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ნიკოლოზ გრიგოლია არის საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივების VI ეროვნული კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი და კონკურსის ლაურეატი, ქართული გალობის მიმართულებით – VIII ეროვნული კონკურსის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ვეცხლის მედალოსანი – ქართული ხალხური სიმღერის შესრულების მიმართულებით. ასევე, კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსისა და ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი.
სენაკის მერიამ, ნიკოლოზ გრიგოლიას, წარმატებული მოსწავლეების წახალისებისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ფულადი ჯილდო გადასცა.
ვოკალის მიმართულებით ნიკოლოზის პედაგოგია სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის საესტრადო განყოფილების პედაგოგი, სოპრანო ლელა მიქაბაძე. ფორტეპიანოში – ლეგენდარული ,,კოლხური ტრიოს“ ხელმძღვანელი, დამსახურებული პედაგოგი, დარეჯან ფაჩულია, საგუნდო მიმართულებით – გულნაზ ქაჯაია, სალოტბარო სკოლაში – დიმიტრი კაკულია.