მინდა გულითადად მივულოცო ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს – ვოკალური განყოფილების გოგონათა ანსამბლს და მათ ხელმძღვნელს, ღვაწლმოსილ პედაგოგს, გრიალა სამინავას, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნულ კონკურსზე მოპოვებული გამარჯვება.
16 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნული კონკურსის გალა კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ჩვენი ქალაქის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ვოკალური განყოფილების გოგონათა ანსამბლს – კონკურსის კატეგორიაში – აკადემიური საგუნდო სიმღერა – ოქროს მედალი, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრს – საგუნდო მოძრაობის ხელშეწყობისა და პროპაგანდისთვის, მადლობის სიგელი გადაეცათ.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მოპოვებულ გამარჯვებას სახელოვნებო-საგანმანათლებლო კერას – დიდი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე ხელოვნების ცენტრს, რომელიც მომავალი თაობის ხელოვნებასთან ზიარების საპატიო მისიას ღირსეულად ახორციელებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი