ქალაქი სენაკი, რომელსაც ალექსი სენაკელის ლოცვა აძლიერებს, გმირების ქალაქი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მდიდარი ისტორიით, უნიკალური თეატრით, ნოქალაქევის ციხე-გოჯის სანახებით, სილამაზით გამორჩეული ხედებით – შხეფის ციხიდან თუ ასსაფეხურიანი კიბიდან; საერთაშორისო მნიშვნელობის გზების და სარკინიგზო კვანძის არსებობით, ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მრავალფეროვნებით… რაც მთავარია, გამორჩეული ადამიანური რესურსით – მაღალი ინტელექტუალური და კულტურული პოტენციალით… – 150 წლისაა.
ქალაქის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 10 სექტემბერს, 19:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, საღამო – ,,ჩვენი ქალაქის დღე” გაიმართება.
საღამოს წამყვანები – ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, ტელეწამყვანი, გიორგი კალანდია და თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე ისაუბრებენ ქალაქის დაარსების ისტორიაზე, მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებსა და ადამიანებზე, რომელნიც ქმნიდნენ და ქმნიან ამ ქალაქის ისტორიას.
საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: მაია ჯაბუა, სალომე ბაკურაძე, თემურ თათარაშვილი, დავით მაზანაშვილის ბენდი.