რუბრიკის – ,,ჩვენი ქალაქის კოლორიტები“ ფარგლებში, დამსახურებულ არქიტექტორს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, ზურაბ პატარაიას გაგაცნობთ.
ღვაწლმოსილმა საჯარო მოხელემ, ქალაქის არქიტექტორმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა, 80 წლის ასაკში, საჯარო სექტორში 50-წლიანი პროფესიული საქმიანობა დაასრულა.
სენაკში, ზურაბ პატარაიას პროექტით აშენდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები – ჭავჭავაძის, სანაიასა და ჭყონდიდელის ქუჩებზე, მეცხოველეობის ფერმები – ნოქალაქევისა და თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში, ადმინისტრაციული შენობები – გეჯეთში, უშაფათში, ხორშში, თეკლათსა და ლეძაძამეში, ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯში, მანქანა-ტრაქტორთა პარკი – ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.
ზურაბ პატარაიას პროექტებით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სენაკის სამხატვრო სკოლისა და ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობებს. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ქალაქის სკვერში მოეწყო მემორიალური დაფა, რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი. მისივე ავტორობით კეთილმოეწყო სენაკის რკინიგზის სადგურის მიმდებარე მოედანი, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას სახელს ატარებს, ასევე თაღი – ქალაქის ცენტრალურ პარკში.
ქალაქისა და ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, ქალაქის არქიტექტორს, ზურაბ პატარაიას, სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ბატონო ზურაბ, მადლობა, პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომითა და ერთგულებით გაწეული სამსახურისთვის!