სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და სამსახურის სპეციალისტებთან – გვანცა მალანიასთან და ლატავრა თოდუასთან ერთად, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
საბჭოს წევრებმა მერთან შეხვედრისას არაერთი ინიციატივა გააჟღერეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მერის სათათბირო ორგანომ – ახალგაზრდულმა საბჭომ თავმჯდომარედ, წარმატებული სენაკელი ახალგაზრდა, ნანო მისაბიშვილი, მოადგილედ – ანა ქეცბაია აირჩია.
,,მოხარული ვარ, რომ
ახალგაზრდული საბჭო აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ჩვენ ასევე
ერთობლივად დავიწყებთ ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების პროცესს. თქვენი ხედვები მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად სწორად განვსაზღვროთ მომავალი თაობისთვის საჭირო სტრატეგია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებულ კომუნიკაციას ახალგაზრდების საკეთილდღეოდ”, – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.
ახალგაზრდული საბჭო ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტებულია 14 -დან 29 წლის ჩათვლით, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებით.
ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;
მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ.