დღეს, სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გმირული დაღუპვიდან 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, გმირების ქალაქში პატივი მიაგეს აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში გაიმართა თემატური ღონისძიება – ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია…’’
სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, გვირგვინებით შეამკეს 27 სექტემბერს გმირულად აღსრულებული საქართველოს ეროვნული გმირის, ჩვენი თანაქალაქელის, ჟიული შარტავას ბიუსტი, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სკვერში – საქართველოს ეროვნული გმირების – გენო ადამიას, გურამ გაბისკირიას, ნოდარ კანკიას ბიუსტები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
აფხაზეთის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტთან გამართული ლიტერატურული კომპოზიციით დასრულდა.
საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ტრაგიკულ თარიღს, 27 სექტემბერს მიეძღვნა კვირეული – საჯარო ბიბლიოთეკაში და თემატური საღამო – ,,30-ე სევდიანი შემოდგომა” – ეროვნული გმირის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.
#30წელისოხუმისდაცემიდან #აფხაზეთისაქართველოა #ჩვენდავიბრუნებთერთმანეთს